18 მაისი 2024,   22:10
ვრცლად
უჩა ნანუაშვილი პროკურატურას "ბირჟა მაფიის" საქმის გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი ჯგუფ "ბირჟა მაფიის" წევრების დაკავებას ეხმიანება. უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ კლიპის შინაარსი და გამოყენებული ვიზუალი გამოხატვის თავისუფლებით სრულადაა დაცული. 

"სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კლიპის შინაარსი და გამოყენებული ვიზუალი გამოხატვის თავისუფლებით სრულადაა დაცული. ამავდროულად, როგორც ინტელექტუალური შემოქმედების პროდუქტი, ის დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 23–ე მუხლის მე–2 პუნქტითაც, რომლის მიხედვით, „შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.“ არავინ უნდა დაექვემდებაროს რაიმე ზეწოლას თავისი უფლებით სარგებლობის გამო. ასევე, დაუშვებელია ყოველგვარი ხელშეშლა უფლებით სარგებლობაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153–ე მუხლით დასჯადია სიტყვის თავისუფლების ხელყოფა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მიხედვით, დანაშაულს წარმოადგენს სიტყვის თავისუფლების ანდა ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,  ანდა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით," - აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაკავების სხვა შესაძლო მიზეზებთან დაკავშირებით, მათ შორის, კლიპის ნაწილში.

"აღსანიშნავია, რომ youtube-ზე 4 ივნისს გამოქვეყნებულ ვიდეოში, პოლიციელის პერსონაჟი მართლაც იმგვარადაა დაბურული, რომ მისი გარჩევა საერთოდ შეუძლებელია, რაც აძლიერებს ბრალდებულებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ გამოთქმულ ვერსიას," - აღნიშნულია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.

სახალხო დამცველი პროკურატურას გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ყურადღებით მიადევნებს თვალს აღნიშნულ საქმეს.

სამართალდამცავებმა ჯგუფის წევრები ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა და სასამართლომ მუსიკოსი მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

დღის ამბები