19 დეკემბერი 2024,   16:42
ვრცლად
რამდენიმე დღე გივი თარგამაძეზე თავდასხმის საქმის გამოძიებისთვის კანონით დადგენილი ვადის ამოწურვამდე - პასუხგაუცემელი კითხვები

2016 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, გივი თარგამაძეზე, თავდასხმა განხორციელდა. დეპუტატის მანქანა ქალაქის ცენტრში ააფეთქეს.

საქმე სამართალდამცველებმა სასწრაფო წესით გამოიძიეს და ბრალი ყოფილ სპეცრაზმელს, დავით (დარჩო) ხეჩუაშვილს, წაუყენეს. მოგვიანებით, მისი სიძე, ბორის ჩაგუნავა, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მიუხედავად ბრალის დამტკიცებისა, ჩაგუნავა ციხეში არ ჩასვეს.

დეპუტატი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ ბრალდებული დარჩო ხეჩუაშვილის ბლოკნოტში, რომელშიც სამიზნის, ანუ გივი თარგამაძის, საცხოვრებელი ბინის მონახაზი იყო გაკეთებული, ასევე ჩაწერილი იყო რამდენიმე მისამართი. დეპუტატი ამბობს, რომ გამოძიება ამ მისამართებით არ დაინტერესებულა.

თავდასხმის საქმეში ეჭვმიტანილი სტატუსი მხოლოდ დარჩო ხეჩუაშვილს აქვს. გივი თარგამაძის მტკიცებით კი, სამართალდამცველების მიერ ამოღებული ვიდეოჩანაწერიდან კიდევ ერთი პირის - წარსულში არაერთხელ ნასამართლევი დიმიტრი აბრამიშვილის, თანამონაწილეობა იკვეთება.

ცნობილია, რომ დიმიტრი აბრამიშვილი, მეტსახელად ბარადა, ოთხმოცდაათიან წლებში პანკისის ხეობაში მოქმედი და ჭიჭიაშვილი-ციხისთავის სახელით ცნობილი ასკაციანი ბანდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ირკვევა, რომ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე სამივე ადამიანს - დიმიტრი აბრამიშვილის, დარჩო ხეჩუაშვილისა და ბორის ჩაგუნავას, მუხროვანის პირველ ამბოხი აერთიანებთ. თუმცა, სამივე მათგანი მაშინაც და ახლაც მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ.

გივი თარგამაძე ქართულ ძალოვან უწყებას, დიმიტრი აბრამიშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებისკენ მოუწოდებს.

საქმის გამოძიებისთვის კანონით დადგენილი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. თუმცა, 9-თვიანი ძიების მიუხედავად, პასუხგაუცემელია კითხვები - არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე ვის აწყობდა ქალაქის ცენტრში აფეთქების მოწყობა და ვინ შეუკვეთა გივი თარგამაძის მკვლელობა.

 

 

ავტორი: გიორგი გვიშიანი

დღის ამბები