18 მაისი 2024,   14:58
ვრცლად
"ინტერრაოს" სარჩელი და ქართული მხარის პასუხი

ინტერრაოს მიერ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ინტერრაოს პრეს მდივანი აფასებს. ნიკოლაი გორელოვი აცხადებს, რომ შარშან ტარიფის გაზრდის მოთხოვნის უარყოფის გამო, კომპანიამ სარჩელი შეიტანა. რუსული კომპანია ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდასა და ვალუტის დევალვაციის გამო, კომპენსაციას ითხოვს და ათეულობით მილიონი დოლარის ზარალზე საუბრობს.

„ეს არის სარჩელები, რომლებიც ჩვენმა შვილობილმა ჰოლანდიურმა კომპანიებმა შეიტანეს. საუბარია ორ სარჩელზე და უკავშირდება იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან გაფორმებულ მემორანდუმში არის პუნქტი, რომ ლარის გაუფასურების შემთხვევაში, უნდა გადაიხადოს კომპენსაცია ტარიფის გაზრდის მეშვეობით. გასული წლის პირველ ნოემბერს მოხდა ტარიფის ინდექსის განსაზღვრა და არსებული გარემოება არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, კომპანიამ შეიტანა სარჩელი, რომ აიძულოს საქართველოს ხელისუფლება შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. პირველი მაისის მდგომარეობის მიხედვით, სარჩელის თანხა შეადგენს 125 მილიონ დოლარს, მაგრამ ეს საბოლოო რაოდენობა არ არის და განისაზღვრება განხილვის დაწყებამდე,“ - აცხადებს ნიკოლაი გორელოვი.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილი აცხადებს, რომ კომპანიის მიერ მოთხოვნილ პოზიციებს არ ეთანხმებიან. მან აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო გაეცნობა სარჩელს და ამის შემდეგ გადაწყდება, რა პოზიციებს დააფიქსირებს ქართული მხარე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები