27 აპრილი 2024,   07:05
ვრცლად
სკანდალური წერილი „რუსთავი 2“-ს ჩეჩენი ტერორისტისგან, რაში დაეხმარა მას საქართველოს ხელისუფლების მიერ გათავისუფლებული ახმედ ჩატაევი

სკანდალური წერილი "კურიერმა" ავსტრიიდან ჩეჩენი ტერორისტის მაგომედ იბრაგიმოვის ადვოკატისგან მიიღო. ავსტრიაში ერთ-ერთი ცნობილი ადვოკატი ვოლფგან ბლაშიცი "რუსთავი 2-ს" წერს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ტერორიზმის გზა, საქართველოს ხელისუფლების მიერ გათავისუფლებულმა ჩეჩენმა მებრძოლმა ახმედ ჩატაევმა გაუკვალა.

ახმედ ჩატაევი, რომელზეც წერილში ავსტრიელი ადვოკატი საუბრობს, 2012 წელს ყოფილმა ხელისუფლებამ ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავა, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ის ბიძინა ივანიშვილის გუნდმა პატიმრობიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც მან საქართველო დატოვა.

მსოფლიოში ცნობილი ტერორისტის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე მმართველი პარტია პასუხისმგებლობას იხსნის. ყოფილი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი, კომენტარიგან თავს იკავებს. საპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ ახმედ ჩატაევის გათავისუფლებით ხელისუფლებამ 2012 წელს მოსკოვის დაკვეთა შეასრულა.

ომბუდსმენს ახმედ ჩატაევსა და ლაფანყურის სპეცოპერაციაზე ყველაზე მეტი შეკითხვა აქვს მთავარ პროკურატურასთან.

ლაფანყურის სპეცოპერაცია 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ჩატარდა, რომლის დროსაც ქართულმა სპეცსამსახურებმა 17 კაციანი შეიარაღებული ჯგუფი გაანეიტრალეს, ოპერაციისას 3 ქართველი სამართალდამცველი დაიღუპა. ტერორისტთა ჯგუფიდან მაშინ სამმა კაცმა მოახერხა მიმალვა, ერთი მათგანი ახმედ ჩატაევი იყო, რომელიც მოგვიანებით დააკავეს, მეორე კი მაგომედ იბრაგიმოვი, რომელიც ახლა ავსტრიაშია დაკავებული და ჩვენებებს აძლევს.

ავსტრიული მედია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა იბრაგიმოვმა არაერთ სკანდალურ თემას ახადოს ფარდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები