22 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
აშშ-ის სენატში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღეს - კანონპროექტში საქართველოს დიდი ადგილი ეთმობა

რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტში, რომლის შესახებაც კანონპროექტი ამერიკის სენატმა 98 ხმით დაამტკიცა, საქართველოს დიდი ადგილი ეთმობა. დოკუმენტში მხარდაჭერილია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საუბარია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაზე, რუსეთის მხრიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაზე.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან ჯარების გაყვანისკენ უნდა მოუწოდოს.

"რუსეთის მთავრობა განაგრძობს უგულვებელყოფას საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების, რომელიც მოითხოვს რუსეთის ჯარების გაყვანას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებთან ჰუმანიტარული ჯგუფების თავისუფალ წვდომას და კონფლიქტის ზონების მონიტორინგს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ... ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს ტერიტორიულ ცვლილებებს, რომელიც ძალის გამოყენების შედეგია, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და დნესტრისპირეთში უკანონო შეჭრისა და ოკუპაციის ჩათვლით,“ - აღნიშნულია კანონპროექტში.

კანონპროექტში ასევე საუბარია შეერთებული შტატების ფედერალურ ბიუჯეტში 250 მილიონი დოლარის გამოყოფაზე, რომელიც უნდა მოხმარდეს მოკავშირე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში რუსეთის ზემოქმედების წინააღმდეგ ქმედებებს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ირანის სანქციათა კანონზე მიბმულ რუსეთის სანქციების ორპარტიულ კანონპროექტში, საქართველოსთან დაკავშირებით ძლიერი მხარდაჭერაა გამოხატული. 

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რამდენიმე დღის წინ სენატში განაცხადა, რომ მას არ სურს რუსეთთან ურთიერთობების ის არხებიც დაიხუროს, რომელიც დღეს არსებობს. თუმცა, რექს ტილერსონს კონკრეტულად არაფერი უთქვამს, შეეწინააღმდეგება თუ არა კანონის მიღებას აღმასრულებელი ხელისუფლება.

დღის ამბები