საქართველოს პარლამენტის წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“ კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა. სასამართლომ დაადგინა, რომ გელა მიქაძემ არაბი ბიზნეს პარტნიორების კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომელიც 27 მილიონი ღირდა, არაკეთილსინდისიერი გზით ხელში ჩაიგდო.
„რაკია ჯორჯიას“ იურისტი ყვება, რომ შეძენიდან რამდენიმე წელში მიწის ნაკვეთი კომპანიის იმ დროინდელმა დირექტორმა გელა მიქაძემ საკუთარ კომპანიას 2 მილიონ ლარად მიჰყიდა. უკანონო გარიგების გამო, გელა მიქაძეს სასამართლოში უჩივლეს. პირველმა ინსტანციამ გუშინ გარიგება გააუქმა და მიწები ”რაკია ჯორჯიას” დაუბრუნდა.
ბოლო წლებია კომპანიასა და მის ყოფილ დირექტორს შორის კი, ურთიერთობა ბრალდებების რეჟიმში მიმდინარეობს. გელა მიქაძე აცხადებს, რომ დავას ამ საქმეზე საერთაშორისო დონეზე აუცილებლად გაასაჩივრებს.
რამდენიმე კვირის წინ, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა მას დაუსწრებლად 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და ფოთის პორტთან დაკავშირებული ქონებრივი დავის გამო რამდენიმე მილიონიანი ზარალის ანაზღაურებაც დააკისრა.
დეპუტატი ქართულ სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და ათობით ბრალდებაზე დავის გაგრძელებას საერთაშორისო დონეზე გეგმავს.
მანამდე კი, დეპუტატი გადაწყვეტილებას კიდევ ერთ დავაზე ელოდება. 2013 წელს კომპანიის წილების გასხვისების საქმეზე ის ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. გელა მიქაძეს ეს საქმე გასაჩივრებული აქვს.