24 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
სულელური ნაბიჯი გადადგეს - ზურაბ ჯაფარიძე უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვას აკრიტიკებს

„აკრძალვის შედეგი იქნება ის, რომ ეს პირველ რიგში დაარტყამს იმ გაჭირვებულ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს რეგიონებში,“ - ასე აფასებს „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის თაობაზე მორატორიუმის გამოცხადებას.

მისი თქმით, უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის შემთხვევაში, ფასი დავარდება და ხალხი სიღარიბეში აღმოჩნდება.

„სინამდვილეში თავისუფალი ეკონომიკა და თავისუფალი ეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის, უცხოური ინვესტიციები და მათ შორის, რომ საქართველოში შემოვიდეს ბევრი სხვადასხვა ქვეყნიდან კაპიტალი, არის პირდაპირ კავშირში ჩვენს უსაფრთხოებასთან,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მაქსიმალურად ღია უნდა იყოს, რაც ეკონომიკურ ფონს გააუმჯობესებს.

მოძრაობა „ეროვნულების“ თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძე, ზურაბ ჯაფარიძის პოზიციას არ იზიარებს. მისი თქმით, თუ უცხოელებზე მიწის გაყიდვას დაუშვებენ, კაპიტალის შემოდინება გაიზრდება, თუმცა, ეროვნული ინტერესები უკანა პლანზე არ უნდა გადავიდეს.

„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ლიდერმა დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ ბრეგაძის განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ მიგრაცია იქნება მანამ, სანამ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერება არ მოხდება.  

ზურაბ ჯაფარიძე ხელისუფლებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ამ კანონპროექტის მხარდაჭერით პოპულისტური გადაწყვეტილება მიიღო.

„სულელური ნაბიჯი გადადგეს, მაგრამ გადადგეს იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ნება, ასე ვთქვათ, და ეს ცნება არის არასწორი და მცდარი,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

დღის ამბები