17 მაისი 2024,   14:56
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებებს მიმდინარე კვირას, რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავენ 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა პარლამენტში მიმდინარე კვირას, რიგგარეშე სხდომაზე იგეგმება. რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის საკითხზე დღეს ბიუროზე იმსჯელებენ.

მომდევნო კვირას კი, უკვე მეორე მოსმენით განხილვა და კენჭისყრა გაიმართება. საბოლოოდ კი, პროექტის დამტკიცება საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს კვლავ მოუწოდებს, მიიღოს პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზება ტელედებატებში მონაწილეობის შესახებ. მმართველ გუნდში არ იზიარებენ პრეზიდენტის ინიციატივას შეხვედრის ადმინისტრაციაში გამართვის თაობაზე.

„პირდაპირ ეთერში განხილვა კონსტიტუციის, რასაც ხალხი მიადევნებს თვალს. ეს არის სწორი ფორმატი და როდესაც აქცენტები კეთდება სტატუსზე, თანათავმჯდომარე თუ არ ვიქნები, არ ვიქნები ჩართული, სასახლეში თუ არ იქნება, არ მინდა პირდაპირი ეთერი, ეს არის ის, რომ სხვადასხვა ფასეულობებზე ვსაუბრობთ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო ოპოზიცია კი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მორიგი კონსულტაციის გამართვისა და პოზიციების ფართო კონსესუსით შეჯერების აუცილებლობაზე საუბრობს.

„ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ეხება ქვეყნის წესწყობილებას, იხილება ძალიან დაჩქარებული წესით და არანაირი სიჩქარე არ არის საჭირო, ამ მიმართულებით საჭირო იყო უფრო მეტი ჩართულობა პოლიტიკური პარტიების, ექსპერტების უფრო მეტი არგუმენტაციის წარმოდგენა, იმ უარყოფითი ცვლილებებისადმი, რასაც აპირებს "ქართული ოცნება" ე.წ. ბონუსის სისტემის თუ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებასთან მიმართებაში,“- განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ.

"ქართულ ოცნებას" პეზიდენტსა და საზოგადოებასთან დიალოგისკენ მოუწოდებს "ნაციონალური მოძრაობაც".

„მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", რომ შეეშვას ინფანტილურობას, დაანებოს თავი ახირებულობას, მოიმარაგონ თავის არგუმენტები თუ ასეთი გააჩნიათ და მიბრძანდნენ და ესაუბრონ პრეზიდენტს. ეს არის ძალიან საჭირო დღეს იმიტომ, რომ ხალხისთვის პრეზიდენტის უფლების ჩამორთმევა, რომელიც მას აქვს დღიდან დამოუკიდებლობისა, არის უბრალოდ არაკონსტიტუციური და არადემოკრატიული,“ - ამბობს ნიკა რურუა.

დღის ამბები