15 მაისი 2024,   01:44
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმე - შს მინისტრის დეპუტატებთან დაგეგმილი შეხვედრის დეტალები ამ დრომდე უცნობია 

აფნაგ მუხთარლის საქმის დეტალების გასაცნობად უმრავლესობა შინაგან საქმეთა მინისტრს უახლოეს დღეებში შეხვდება. შეხვედრა სავარაუდოდ გაფართოებული ფორმატით ჩაივლის, თუმცა მიეცემა თუ არა ოპოზიციას მასზე დასწრების უფლება, უცნობია.

ასევე უცნობია, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელის და მმართველი გუნდის ლიდერების შეხვედრის დრო.

„ამ საქმის გამოუძიებლობა ნამდვილად ცუდად აისახება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე, ამიტომ განსაკუთრებული ვალდებულება აქვთ სამართალდამცავ ორგანოებს ამ საქმის ძალიან დეტალური გამოძიების და ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. თუ შედეგი არ იქნება დამაკმაყოფილებელი და თუ კითხვებზე პასუხები არ გაიცემა, ამის შემდეგ შეიძლება კომისიის შექმნაზე მსჯელობა,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

პარალელურად, ამ დრომდე გაურკვეველი რჩება ჩაერთვება თუ არა პარლამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის გამოძიებაში. "ევროპული საქართველო" საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დაუყოვნებლივ შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი მიაჩნიათ, რომ შს მინისტრმა არა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის, არამედ ოპოზიციის კითხვებსაც უნდა უპასუხოს.

„ძალიან დაგვიანებით, მაგრამ მაინც კარგია, რომ ახლა ზოგიერთმა "ქართული ოცნების" დეპუტატმა იგრძნო ის საგანგაშო ვითარება, რომელშიც იმყოფება მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები აფგან მუხთარლის გატაცების შედეგად. მნიშვნელოვანია, რომ გამოცხადდეს შს მინისტრი პარლამენტში, გასცემს პასუხი კითხვებს, რაც არსებობს საზოგადოებაში. ეს სკანდალი მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გამხდარიყო ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.  

დღის ამბები