23 დეკემბერი 2024,   01:46
ვრცლად
ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები სოფელ ოკამში - არქეოლოგიური აღმოჩენა კასპის რაიონში 

თბილისიდან 50 კილომეტრის მოშორებით სოფელ ოკამში მთის წვერზე, ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს. თავის ქალის ნაწილი, ქვედა ყბის ფრაგმენტები და კიდურები, იმდენად ძველი იყო, რომ მიწიდან ამოღებისას მათი ნაწილი დაიშალა. თვითმხილველებმა პოლიციას გამოუძახეს.

სამართალდამცველებმა აღმოჩენილი ძვლების გამო გამოძიება დაიწყეს. სისხლის სამართლის საქმე ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. რამდენიმე დღიანი ძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნაპოვნი ძვლები სამუზეუმო ექსპონატია და არქეოლოგიურ ნიმუშებს წარმოადგენს.

აღმოჩენა არქეოლოგებისთვის ახალი მასალა გახდა. სპეციალისტებმა უკვე შეისწავლეს ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები და წინასწარი ინფორმაციით, ძვლები მერვე საუკუნეში მცხოვრებ ადამიანს ეკუთვნის. 13 საუკუნის წინანდელი ოკამელის გარდაცვალების ფაქტი, პოლიციისთვის საინტერესო აღარ აღმოჩნდა და გამოძიება მეოთხე დღეს შეწყდა.

სოფელ ოკამში, მიწის ქვეშ რომ უძველესი ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტები იმალება კიდევ ორი აღმოჩენა მოწმობს. ოკამში იხსენებენ, რომ რამდენიმე ოჯახში საკარმიდამო მიწების დამუშავების დროს ქვევრის უძველესი ნიმუშები აღმოჩნდა, რამდენიმე ადგილას ოქროსგან დამზადებულ ჯვრებს მიაკვლიეს. საუკუნეების წინანდელი ქვევრი ახლაც სოფელში, ერთ-ერთი ადგილობრივის ბოსტანში ინახება.

 

დღის ამბები