ბაქოდან დაბრუნებული განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას საუბრის თემა აზერბიაჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეს არ შეხებია.
ალექსანდრე ჯეჯელავა პირველი ქართველი მინისტრი იყო, რომელმაც აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის ჟურნალისტური საქმიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მთვარობის ვიცე-პრემიერი და პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილთან ყველაზე დაახლოვებული მინისტრი ბაქოში სწორედ მუხთარლის თემაზე მოლაპარაკებებისთვის გაუშვეს.
თბილისის ცენტრიდან გატაცებული აფგან მუხთარლის მეუღლეს ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტების არ სჯერა. ლეილა მუსტაფაევა დარწმუნებულია, რომ ილჰამ ალიევის კაბინეტში საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი სწორედ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საკითხს განიხილავდა. მუსტაფაევა ახლა სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილების მოლოდინშია.
ევროსასამართლოში მუხთარლის ქართველმა ადვოკატმა დამატებითი მტკიცებულებები დღეს გადააგზავნა. არჩილ ჩოფიკაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების აღსრულების შეჩერებას ითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ წინასწარი პატიმრობის დროს მუხთარლი თბილისში უნდა დაბრუნდეს.
აფგან მუხთარლის ადვოკატი მთავარ სარჩელს სტრასბურგში რამდენიმე დღეში წარადგენს. არჩილ ჩოფიკაშვილი ფიქრობს, რომ ევროპული სასამართლო მკაცრ განაჩენს გამოიტანს და კომპენსაციას საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობას დააკისრებს.