17 მაისი 2024,   07:33
ვრცლად
სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვედრილი სიცოცხლისთვის საშიში შენობები - უმეტესობაში დევნილები ცხოვრობენ

სახალხო დამცველის ანგარიშში რამდენიმე ათეული შენობა მოხვდა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია. ნგრევის პირას მყოფ კორპუსებში, ძირითადად, დევნილი ოჯახები ცხოვრობენ. იძულებით გადაადგილებულები რამდენიმე წელია, უშედეგოდ ელოდებიან პასუხს დევნილთა სამინისტროსგან.

სოხუმიდან დევნილი ჩიტიშვილების ოჯახი სახლის დანგრევას ყოველდღე ელოდება. ბოლო 10 წელია, ოჯახი ოქროყანაში, ავარიულ სახლში, ცხოვრობს. ოჯახმაც დევნილთა სამინისტროდან საპასუხო წერილი მიიღო, სადაც უწყება ადასტურებს, რომ ოჯახის პრობლემის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა რეაგირებას ჯერჯერობით არ აპირებს.

კიდევ ერთი სიცოცხლისათვის საშიში ობიექტი ცხვარიჭამიაში ყოფილი ტურბაზაა. 10-მდე დევნილი ოჯახი, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ, ავარიულ შენობაში უკვე 27-ე წელია, ცხოვრობენ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომაც დაადასტურა, რომ ცხვარიჭამიაში, ყოფილ ტურბაზაში, ცხოვრება საშიშია.

სახალხო დამცველის აპარატმა კი ეს შენობა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფად შეაფასა და წლის ანგარიშშიც შეიტანა. ხვარიჭამიასა და ოქროყანის ობიექტების მსგავსად, ომბუდსმენის ანგარიშში 20-მდე შენობა მოხვდა.

სახალხო დამცველი იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს მოუწოდებს, დევნილები სიცოცხლისათვის საშიში შენობებიდან დაუყონებლივ ალტერნატიულ ფართებში განასახლოს.

ომბუდსმენის რეკომენდაციის მიხედვით, სიცოცხლისათვის საშიშ შენობებში მცხოვრებ დევნილებს ობიექტებიდან განსახლების პროცესში სამინისტრომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს. 

დღის ამბები