17 მაისი 2024,   08:03
ვრცლად
კონტრაბანდა ზუგდიდში - ბაზრობაზე აფხაზურაქციაზიან სიგარეტს დახლქვეშ ყიდიან

აფხაზური აქციზით სიგარეტის ყიდვა დღეს ზუგდიდის ბაზრობაზე თავისუფლად შეიძლება. ფარულ ვიდეომასალაში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, ჩანს, რომ რუსეთში წარმოებულ აფხაზურაქციაზიან კონტრაბანდულ თამბაქოს დახლქვეშ ყიდიან.  

ზუგდიდის ბაზრობის მოვაჭრეები ამბობენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტრაბანდული გზით შემოტანილი სიგარეტი მათთვის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, ვინაიდან მომხმარებელი ე.წ. აფხაზურ სიგარეტს უფრო მეტად ყიდულობს.

მოვაჭრეების თქმით, ადმინისტრაციულ საზღვარზე კონტრაბანდული საქონლის გადმომტანებს არ ამოწმებენ.

ერთადერთ გადმოსასვლელს ოკუპირებული ტერიტორიიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს, თუმცა ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთისას მოქალაქეებს ძალოვანი უწყების თანამშრომლები არ ამოწმებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში ამის მიზეზად გუბერნატორ ლევან შონიას ინტერესებს ასახელებენ. ოპოზიცია გუბერნატორს კონტრაბანდის მფარველობაში ღიად სდებს ბრალს. 

ძალოვან უწყებაში ამბობენ, რომ არალეგალურ თამბაქოს ნაწარმს ებრძვიან, თუმცა ის, თუ რატომ იყიდება ამ დრომდე ზუგდიდის ბაზრობაზე სიგარეტი აფხაზური აქციზით პასუხი, არა აქვთ.

 

ავტორი: ემა გოგოხია 

დღის ამბები