17 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
"თბილისის მერობის კანდიდატები პარტიების ცოდვებით არიან დამძიმებულები," - გია ხუხაშვილი

„გავწმინდოთ თბილისი პარტიული და კლანური ინტერესებისგან,“ - ეს ლოზუნგი, პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, საზოგადოების მხრიდან მოთხოვნადია, თუმცა ასეთი კანდიდატი დედაქალაქის მერობის პოსტზე, მისი აზრით, არ ჩანს.

გია ხუხაშვილის განცხადებით, თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, პარტიებისგან თავისუფალია და ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს, თუმცა ამომრჩეველს მისი ბოლომდე არ სჯერა.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ თბილისის მერობის კანდიდატები „პარტიების ცოდვებით დამძიმებულები“ არიან.

„მათი შედეგი პარტიის რეიტინგზეა მიბმული,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

"საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე ფიქრობს, რომ ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ყველაზე კარგი კანდიდატი იყო „ქართულ ოცნების“ რიგებში. ის ასევე აღნიშნავს, რომ საინტერესო კანდიდატი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ და შესაძლოა ზალიკო უდუმაშვილმა მოულოდნელი შედეგი აჩვენოს. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“ და მათ კანდიდატს, ელენე ხოშტარიას, ნოდარ ხარშილაძის აზრით, პარტიის თვის ეს გამოწვევაა, რადგან პირველ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას.

„ალბათ ყველა ის ადამიანი, ვინც უკმაყოფილო არის „ქართული ოცნებით“, მაგრამ არ არის ან „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერი, ალბათ ის ყველა ადამიანი მისცემს ხმას ელისაშვილს,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციისთვის თვითმამრთველობის არჩევნებში რეალური წარმატებისთვის ბრძოლა რთული იქნება. მისი აზრით, კახი კალაძის წარმატება ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კამპანიაში ჩართვაზეა დამოკიდებული.

„ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, ჩაერთვება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სახელისუფლო კამპანიაში,“ - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

დღის ამბები