17 მაისი 2024,   11:13
ვრცლად
ბრძოლა თბილისის მერობისთვის - პარტიები საკუთარ კანდიდატებს აფასებენ

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მერობის თავისი კანდიდატის, ზალიკო უდუმაშვილის ძალებში დარწმუნებულები არიან, თუმცა პარტიაში შიშობენ, რომ ხელისუფლების კანდიდატის, ვიცე-პრემიერის, კახი კალაძის გასამარჯვებლად მმართველი გუნდი ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს.

„სახელისუფლებლო კანდიდატის უკან დგას მთელი ადმინისტრაციული რესურსი, მთელი ორგანიზებული კრიმინალური სამყარო, კორუფციის გზით ნაშოვნი ძალიან დიდი ფული, ხოლო მეორე მხარეს არიან წესიერი, პროდასავლურად განწყობილი ადამიანები, რომლებსაც უნდა ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ბიბილაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირაკლი აბესაძე ფიქრობს, რომ დედაქალაქის განვითარების კომპლექსური გეგმა მხოლოდ ელენე ხოშტარიამ წარმოადგინა და მისი ერთადერთი კონკურენტი კახი კალაძეა.

„ერთადერთ კონკურენტუნარიანად შეგვიძლია წარმოვადგინოთ სახელისუფლებო კანდიდატი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას ექნება შეუზღუდავი შესაძლებლობა ადმინისტრაციული რესურსებით, სახელმწიფო ბიუჯეტით სარგებლობის,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში კი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი, კახი კალაძე, სხვა კანდიდატებთან შედარებით, განსაკუთრებით ძლიერია.

„ბუნებრივია, ჩვენი იმედები არის კახი კალაძის მხარეს,“ - განაცხადა სოფო ჯაშმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები