17 მაისი 2024,   12:18
ვრცლად
ვუსმენდი ხელისუფლების კანდიდატის წარდგენას და ჯერ კიდევ ოცნების რეჟიმში არიან - ბაჩუკი ქარდავა

საქართველოს არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თბილისის მერობის კანდიდატებს აფასებენ. 

"საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე, ბაჩუქი ქარდავა ფიქრობს, რომ ამ 3 კანდიდატს შორის, ყველაზე მკაფიო და ნათელი მესიჯები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ ზალიკო უდუმაშვილს აქვს.

„მკაფიო გზავნილი, გარდა ზალიკო უდუმაშვილისა, მე ჯერჯერობით ვერ მოვისმინე. ძალიან დიდი ყურადღებით ვუსმენდი გუშინ ხელისუფლების კანდიდატის წარდგენას სადაც, ჩემდა გასაკვირად, არც კი უცდიათ კარგი მესიჯები მაინც დაეწერათ და ჯერ კიდევ ოცნების რეჟიმში არიან,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" ეროვნული პოლიტიკური კომიტეტის წევრი, ლეილა გაფრინდაშვილი ფიქრობს, რომ ამჟამინდელი ვიცე-პრემიერი კახი კალაძე თბილისის მერი არ უნდა გახდეს, რადგან ეს, მისი თქმით, "დიდი სირცხვილი იქნება." ლეილა გაფრინდაშვილი კახი კალაძის ქურდულ სამყაროსთან კავშირზე საუბრობს.

„კაცი, რომელიც არის მაფიოზი ივანიშვილთან ერთად. მისი დამსახურებაა, რომ სექტემბერ-ოქტომბერში, ყველაფერი, შუქიდან დაწყებული ყველაფერი ძვირდება. ეს არის იმ ხელშეკრულების ბრალი, რომელი ხელშეკრულებაც მან დადო რუსეთთან,“ - განაცხადა ლეილა გაფრინდაშვილმა.

სამოქალაქო პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თბილისის მერის პოსტზე აუცილებელია იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც, პირველ რიგში, კარგი მენეჯერი იქნება. მისი აზრით, დღეს წარდგენილი კანდიდატებიდან, არცერთ მათგანს საჭირო თვისებები და გამოცდილება არ აქვს.

„დღეს ჩვენ გვყავს კანდიდატები, რომლებიც არიან კარგი ჟურნალისტები, კარგი ფეხბურთელები, საგარეო საქმეების კარგი სპეციალისტები, მაგრამ არცერთი მათგანი, სამწუხაროდ, არ არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია თბილისის პრობლემების მოგვარება,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, დედაქალაქის მერობის 3 კანდიდატი არის წარდგენილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები