17 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოს და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელიც განახლებული შემადგენლობით პირველად შეიკრიბა, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე აირჩიეს.

ვასილ მშვენიერაძის კანდიდატურა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ დაასახელა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლადდანიშნულმა თავმჯდომარემ  მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა. ვასილ მშვენიერაძემ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მოგვიანებით ისაუბრებს.

„თავმჯდომარე არჩეულ იქნა. ამ შემთხვევაში მე. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უფრო მოგვიანებით დეტალურად მოგახსენებთ,“ - განაცხადა ვასილ მშვენიერაძემ.

სხდომაზე, ვასილ მშვენიერაძის დასახელების მოწინააღმდეგეები იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ვახტან მჭედლიშვილი. 

ნაზი ჯანეზაშვილი სხდომაზე აცხადებდა, რომ პროცედურები დასახვეწი და გაუმჭვირვალეა. ჯანეზაშვილი ამბობდა, რომ ვასილ მშვენიერაძე თავდაპირველად მოვალეობის შემსრულებლად, რეგულაციების დახვეწის შემდეგ კი თავმჯდომარედ უნდა დანიშნულიყო. 

„მე დარწმუნებული ვარ, რომ საქალაქო სასამართლოში არის ამის რესურსი, რომ რამდენიმე კანდიდატიდან აგვერჩია კონკრეტული ადამიანი ამ პოზიციაზე. ამიტომ დღევანდელი პროცესი ასე წარიმართა. მე სამწუხაროდ არ დავუჭირე მას მხარი, ვინაიდან არ მომეცა ამის შესაძლებლობა ამ პროცედურების ფარგლებში და ამის გამო გადავწყვიტე, რომ გავმიჯნოდი ამ პროცესს. მინიმალური სტანდარტი ამ შემთხვევაში იქნებოდა ის, რომ გამოგვეცხადებინა კონკურსი და მოსამართლეებს, ყველას, ჰქონოდა ინფორმაცია ამის შესახებ და შემოეტანა თავისი განაცხადი ამ კონკურსში. მე არ ვიცი, ეს იყო თუ არა წინასწარ შეთანხმებული. ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილება ალბათ კრიტიკას ვერ გაუძლებს,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

საბჭოს სხვა წევრებმა, ჯანეზაშვილის ეს წინადადება არ გაიზიარეს და პროცესი არ გადადეს.

ვასილ მშვენიერაძის კანდიდატურას მხარი საბჭოს 13 წევრმა დაუჭირა, 2 წევრი კი წინააღმდეგი წავიდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც საბჭომ ახალ მდივნად გიორგი მიქაუტაძე დაასახელა.

დღის ამბები