17 მაისი 2024,   08:00
ვრცლად
ვენეციის კომისიის პრეზიდენტის რეკომენდაციას დიალოგის გამართვაზე, უმრავლესობასა და ოპოზიციაში ეხმაურებიან

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს, რეკომენდაციის მიუხედავად, ამ დროისთვის უმრავლესობას ოპოზიციისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის დაწყების მიზნით არანაირი წინადადება არ შეუთავაზებია. მმართველი გუნდის ნაწილი აცხადებს, რომ დიალოგისთვის ყოველთვის მზად არიან.  

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი, აღნიშნავს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის საჭირო რესურსი აღარ არსებობს.

„მე ვერ ვხედავ ოპოზიციის პირობებში კონსენსუსის დიაპაზონს, ეს არ ჩანს, ეს დიაპაზონი, როგორც ასეთი, არ არსებობს, სამწუხაროდ,“ - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

ოპოზიციის ნაწილი პლებისციტის მომხრეა, მეორე ნაწილის თქმით, მოლაპარაკების გარეშე დოკუმენტი ლეგიტიმაციას მოკლებული იქნება.

ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით პლებისციტი საუკეთესო გამოსავალია, რადგან სწორედ პლებისციტი ასახავს ხალხის ნებას.

ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი  ხელისუფლებას აკრიტიკებს, რადგან მისი თქმით, მმართველი გუნდი არანაირ ნაბიჯს არ დგამს ბუკიკიოს რეკომენდაციის გასათვალისწინებლად.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მესამე სექტორის კომპეტენციაში არ შედის, როდის დაინიშნება არჩევნები ან როდის გადავა საარჩევნო სისტემა მაჟორიტარულიდან პროპორციულზე. ის ასევე აცხადებს, რომ კონსტიტუციური უმრავლესობის დროს გადაწვეტილება ყოველთვის ერთპარტიული იქნება.

ხელისუფლებას დიალოგისკენ არასამთავრობო სექტორიც მოუწოდებს, ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ ისინი აცხადებენ, რომ ეროვნული კონსესუსის გარეშე დოკუმენტს იურიდიული ძალა არ ექნება. არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA)” აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სწორედ მმართველმა გუნდმა უნდა გადადგას ნაბიჯი და დიალოგისკენ მოუწოდოს ოპოზიციას, მესამე სექტორს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას. 

 

დღის ამბები