17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკების დაწყებას ოფიციალურად ოთხშაბათს შეთავაზებს

არასაპარლამენტო ოპოზიცია ოთხშაბათს ხელისუფლებას ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებს. დიპლომატურ კორპუსთან და პრეზიდენტთან ერთად გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, ოპოზიცია ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკების დაწყებას ხელახლა შესთავაზებს.

თუ ხელისუფლება უარს იტყვის, მაშინ ოპოზიცია უკვე მწვავე გზავნილებით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს დახვდება. ჯერჯერობით პრეზიდენტს პასუხი არ უთქვამს, დაესწრება თუ არა ის ოთხშაბათის გაფართოებულ შეხვედრას. თუმცა გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური მდივანი ფიქრობს, რომ გამოსავალი სასწრაფოდ მოსაძებნია, რადგან ქვეყნის მთავარი კანონის ლეგიტიმაციას საფრთხე ექმნება.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის წასვლიდან 4 დღის შემდეგაც უმრავლესობა პოზიციას არ იცვლის და ოპონენტებთან მოლაპარაკებების დაწყებაზე ისევ უარს ამბობს. ოპონენტები ფიქრობენ, რომ თუკი მმართველი გუნდი კომპრომისზე არ წავა საარჩევნო სისტემასა და პრეზიდენტის არჩევაში წესს არ შეცვლის, „ოცნებას“ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

ევროპელი პარტნიორების შეფასებების მოსმენა სტრასბურგში მოუწევს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. ოპოზიციასთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე საფრანგეთში ამ დილით გაემგზავრა. მას შეხვედრები ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში ექნება. ასოცირების კომიტეტის წევრებს კი ირაკლი კობახიძემ ნულოვანი კონსენსუსით მიღებული საკონსტიტუციო რეფორმა უნდა გაგაცნოს.

დღის ამბები