17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის გადაყენების მიზეზი შესაძლოა, პრემიერმინისტრისთვის მიწერილი წერილი გახდა

პრემიერმინისტრისთვის მიწერილი წერილი, სავარაუდოდ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის, გოჩა ზეიკიძის, თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი გახდა. გოჩა ზეიკიძე იმ გამგებელს დაუპირისპირდა, რომელსაც პარლამენტში გავლენიანი მფარველები აღმოაჩნდა.

უკვე 6 თვეა, მასალები დუშეთის გამგებლის, გიზო ჩოხელის, წინააღმდეგ საქართველოს მთავარ პროკურატურაშია გადაგზავნილი. თუმცა, საგამოძიებო უწყებას პარტია „ქართული ოცნების“ წევრი არც კი დაუკითხავს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საგამოძიებო უწყებისადმი გაგზავნილ მასალებში საუბარია რამდენიმე მილიონ ლარზე, რომელიც, აუდიტორების ვარაუდით, არამიზნობრივად არის გახარჯული.

თავად დუშეთის გამგებელი ფინანსურ გადაცდომებს უარყოფს. რეგიონალური ახალი ამბების სააგენტოს „რეგინფოს“ ხელმძღვანელის, გელა მთივლიშვილის, განცხადებით, მას შემდეგ, რაც პრემიერისთვის მიწერილ წერილში ზეიკიძემ ჩოხელისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა, საქმეში ჩოხელის გავლენიანი მეგობარი დეპუტატები, ირაკლი ტრიპოლსკი და დიმიტრი ხუნდაძე, ჩაერთვნენ.

ჩოხელი კი ამტკიცებს, რომ პრესაში გამოქვეყნებული სტატია მისი, ირაკლი ტრიპოლსკის და დიმიტირი ხუნდაძის გარიგების შესახებ სიცრუეა. ხმაურიან ბრალდებებზე საპასუხოდ დღეს „კურიერთან“ ირაკლი ტრიპოლსკიმ საუბარი გადაიფიქრა.

გოჩა ზეიკიძის შემცველი რეგიონული განვითარების მინისტრმა უკვე წარადგინა. ლევან ზაუტაშვილს მისი წინამორბედის გადადგომის მიზეზებზე საუბარი არ უნდა. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ყოფილი გუბერნატორი მედიასთან აღარ ჩნდება.

ეს არ არის პირველი სკანდალი, რომელიც ხუნდაძე-ტრიპოლსკის დაჯგუფებისა და გუბერნატორის კონფლიქტს უკავშირდება. რამდენიმ თვის წინ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოვებული დეპუტატები კორუფციაში დაადანაშაულა გუბერნატორის უკვე ყოფილმა მოადგილემ, კობა არაბულმა, რის შემდეგაც პოსტი დატოვა.

დღის ამბები