17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
უშიშროების მანქანები ჩემს სახლთან ძალიან ბევრჯერ შევნიშნე - გოჩა კოკაია მის ბინაში ჩხრეკას პოლიტიკურ დევნად აფასებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა კოკაიას სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა დაასრულეს. მათ ბინაში ვერაფერი აღმოაჩინეს. თავად გოჩა კოკაია აღნიშნავს, რომ ხშირად შეუმჩნევია უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები საკუთარ ეზოში და ამას პოლიტიკურ დევნად აფასებს.

„უშიშროების მანქანები ჩემი სახლის ეზოში ძალიან ბევრჯერ შევნიშნე, იმის გარდა ჩემი ნებისმიერი გადაადგილება, უშიშროების სამსახურიც მომყვებოდა უკან და იმის შემდეგ ვაკვირდები, რომ ყველანაირად ცდილობენ ჩემი პოლიტიკური დევნა მოახდინონ,“ - განაცხადა გოჩა კოკაიამ.

სუს-ის ინფორმაციით, გოჩა კოკაიას სახლში ჩატარებული ჩხრეკა ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი პირის დაკავებას უკავშირდება.

ადვოკატი და”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ონიანი აცხადებს, რომ გოჩა კოკაიას ხელს „ქართული ოცნების“ აქტივისტი ადებს და ედავება, რომ „ენმ“-ის წევრმა მას სამხედრო სამსახურის გადავადების საბუთები გაუკეთა.

„საერთოდ შემხებლობა არ ჰქონდა იმ დოკუმენტთან, რომელზეც საუბარი არის. არა თუ იმ სამსახურს, მთლიანობაში არ შეეძლო, არ ჰქონდა არანაირი ბერკეტი იმისა, რომ ასეთი სახის საბუთი გაეცა. მობრძანდნენ, გაჩხრიკეს მთელი ბინა, გაჩხრიკეს თვითონ გოჩა კოკაია, ვერანაირი ბლანკი, დოკუმენტი, ვერანაირი ბეჭედი, რომელიც რაიმე სახით დაადასტურებდა ბატონ გოჩას ამ საქმესთან კავშირს, ვერ მოიძიეს,“ - განაცხადა გიორგი ონიანმა.

დღის ამბები