17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
ინდოელი ბიზნესმენი საქართველოში ისევ არ შემოუშვეს - პროცედურას ომბუდსმენის წარმომადგენელი დაესწრო

სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ბექა ჯავახაძე ინდოელი ბიზნესმენის, აკბარ ქუშერის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით უარის გამოცხადების პროცედურას დაესწრო. ბექა ჯავახაძე აღნიშნავს, რომ ის მუხლი, რომლითაც ბიზნესმენი უკან გააბრუნეს არ აკონკრეტებს, თუ რა იგულისხმება ამ პუნქტის მიღმა. მან აღნიშნა, რომ ამ პუნქტის შესახებ ინფორმაციას შსს ფლობს, რადგან სწორედ საპატრულო პოლიცია გასცემს ამ აქტს.

სამართალდამცავები მოქმედებდნენ კანონის მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ მე-11 პუნქტის ერთ-ერთი ქვეპუნქტით, სადაც მიზეზი დაკონკრეტებული არ არის.

„ეს აქტი, რომელიც უზღუდავს მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლის უფლებას, გაიცემა სწორედ საპატრულო პოლიციის მიერ. შესაბამისად, შსს, წესით და რიგით, ფლობს ინფორმაციას, კონკრეტულად რა იგულისხმება ამ საფუძვლის მიმართ,“ - აცხადებს ბექა ჯავახაძე.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ინდოელ ბიზნესმენთან გასაუბრება მისი თანდასწრებით მოხდა, რა დროსაც განუმარტეს პროცედურა უარის თქმის შესახებ. მისი განცხადებით, არანაირი ზეწოლა არ მომხდარა.

ინდოელი ბიზნესმენი ორი დღის შუალედში უკვე მეორედ გააბრუნეს უკან. ბიზნესმენი მის ბიზნეს საქმიანობას უკავშირებს აღნიშნულ ფაქტს, მისი ადვოკატი კი სახელმწიფოს მსგავსი ქმედების გამო აკრიტიკებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები