17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
მაჟორიტარული მანდატების შემცირების შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე თანხმობა - განცხადებები ოპოზიციურ სპექტრში

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დიალოგის თაობაზე, განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა. ვერსიას, რომ საპარლამენტო უმცირესობა მაჟორიტარული მანდატების არა გაუქმების, არამედ შემცირების შემთხვევაში, დაეთანხმოს საკონსტიტუციო ცვლილებებს, სერგო რატიანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი ტიპის წინადადების განხილვა არ მიმდინარეობს.

„ჩვენ სრულიად ნათლად, არა ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენთვის წითელი ხაზი არის პროპორციული საარჩევნო სისტემა და ამაზე უნდა გადავიდეთ 2020 წელს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

პარტია ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ წინა მოწვევის პარლამენტის დროს მომხდარი ანალოგიური შემთხვევა გაიხსენა, როდესაც მსგავსი ტიპის შეთავაზებები - ფორმულა 100-50-ზე ისმოდა, თუმცა მაშინ ამ საკითხზე, როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიციური ძალები ვერ შეთანხმდნენ.

"თუ საკონსტიტუციო პროექტის მეორე მოსმენაზე, ხელახლა გამოტანაზე ისაუბრებს ხელისუფლება, შეიძლება დიალოგი დაიწყოს ყველაფერზე, კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი, კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ ამ ტიპის შეთავაზებას დათანხმდეს ოპოზიცია და ამბობენ, რომ თუკი ასეთი შეთანხმება მოხდება მმართველ გუნდთან, ეს იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების და კონსტიტუციის გაჯანსაღებაზე უარის თქმა. 

მაჟორიტარული მანდატების შემცირების შემთხვევაში, საპარლამენტო უმცირესობის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებზე თანხმობის საკითხს სამოქალაქო პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე ეხმაურება. გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია დათანხმება, ეს „ქართული ოცნების პოლიტიკურ თამაშზე“ დათანხმება იქნება.

„თუ ევროპული საქართველო ან რომელიმე ოპოზიციური პარტია წავიდა 100-50-ზე შეთანხმებაზე, ეს არის ხელის მოწერა "ქართული ოცნების" თამაშზე. ეს ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკური პარტია პირდაპირ გარიგებაშია "ქართულ ოცნებასთან,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

დღის ამბები