17 მაისი 2024,   08:04
ვრცლად
ინდოელი ბიზნესმენი საქართველოში მეორედ არ შემოუშვეს - ადვოკატი კონკრეტული პირების ინტერესებს არ გამორიცხავს

ინდოელი ბიზნესმენი საქართველოს საზღვარზე მეორე მცდელობის შემდეგაც არ შემოუშვეს. შარჟა-თბილისის რეისის მგზავრებიდან აკბარ ქურეში დღეს ერთადერთი აღმოჩნდა, ვისაც ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს. ინდოელი ინვესტორი ამბობს, რომ მიზეზი არც ამჯერად დაუკონკრეტეს.

ინვესტორის გაძევების მიზეზი ვერ გაიგო სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც, რომელიც აკბარ ქურეშის ჩამოსვლას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდა. ბექა ჯავახაძე პირადად დაესწრო ბიზნესმენის მეორედ გაძევებას. მისი ინფორმაციით, ქურეშის მიმართ არასათანადო მოპყრობა ამ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა.

სახალხო დამცველის წარმომადგენელის ინფორმაციით, მას თავიდანვე განუმარტეს გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი და უკან "ეარ არაბიას" ბორტზე მიაცილეს. ბექა ჯავახაძე ამბობს, რომ ნორმა, რომელიც ქვეყანაში შემოსვლაზე ინდოელ ბიზნესმენს უთხრეს, ბუნდოვანია.

ინდოელი ბიზნესმენის ქართველი ადვოკატი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკბარ ქურეშისთვის მეორედ ნათქვამი უარის დასაბუთება გაუჭირდება. ეს იმის გათვალისწინებით, რომ ქურეშს ყველა საჭირო დოკუმენტი წესრიგში ქონდა. მანანა აფხაძეს დღეს აეროპორტში საკუთარ კლიენტთან შეხვედრა და გაძევების პროცედურებზე დასწრება სურდა, თუმცა მას საპასპორტო კონტროლის ზონაში შესვლის ნება არ მისცეს.

ინვესტორის ქართველი ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ქურეშის მიმართ კონკრეტული პირები პირადი ინტერესით მოქმედებენ და ეს მის რამდენიმე მილიონიან ბიზნესს უკავშირდებოდეს.

აკბარ ქურეში ამ დროისთვის უკვე სამშობლოში იმყოფება, თუმცა გაძევების მიზეზის გარკვევას მაინც აპირებს. შინაგან საქმეთა სამინისტროდან კონკრეტულ პასუხს ელოდება მისი ქართველი ადვოკატი.

დღის ამბები