17 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
ადგილობრივ არჩევნებზე "ქართული ოცნების" სიაში შესაძლოა საკრებულოს დეპუტატები ვეღარ მოხვდნენ

მერობის კანდიდატების წარდგენის პარალელურად, პარტიებმა საარჩევნო სიების დაკომპლექტება დაიწყეს. ამ ეტაპზე არჩევნებში მონაწილე სუბიექტები კონსულტაციის რეჟიმში არიან. სავარაუდოდ, თვის ბოლოს უკვე ცნობილი იქნება ის ათეული, რომლითაც პარტიები თვითმმართველობის არჩევნებზე წარდგებიან.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში კი, დეპუტატებმა ჯერ არ იციან, მოხვდებიან თუ არა ისინი საარჩევნო სიაში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ კანდიდატებზე კონსულტაციები პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და თბილისის მერობის კანდიდატ, კახი კალაძესთან გაიმართება.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, თედო კობახიძე, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში რამდენიმე სკანდალში გაეხვა, არ გამორიცხავს, რომ ადგილობრივი არჩევნების სიაში კვლავ მოხვდება.

დედაქალაქის საკრებულოს 50 წევრი ჰყავს, მათგან 25 პროპორციული და 25 მაჟორიტარული წესით ირჩევა. ამ დროის მონაცემებით, საკრებულოში "ქართული ოცნების" 32 წევრია წარმომადგენელი და დანარჩენს 18 ადგილს ოპოზიციური პარტიების დეპუტატები ინაწილებენ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე პარტიის საარჩევნო სია განახლებაზე, პროფესიონალიზმსა და კომპეტენტურობაზე იქნება დამყარებული.

„ევროპულ საქართველოში“ კი ამბობენ, რომ საარჩევნო სიის შედგენა 2 ძირითად პრინციპზე - როგორც სამართლიანობასა და გამჭვირვალეობაზე, ასევე კონკურენტუნარიანობაზე იქნება დაფუძნებული.

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ჯერ მოვლენებს არ გაუსწრებს, თუმცა, მისი აზრით, ყველასთვის ნათელია, თუ ვინ იდგება მის გვერდით.

 

დღის ამბები