17 მაისი 2024,   08:03
ვრცლად
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე და კონგოში დატყვევებული ქართველი - სამოქალაქო სექტორი საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება

სამოქალაქო სექტორი ამ წუთებში საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიხეილ ჯანელიძესთან კითხვები იმ თემებზე ექნებათ, რომლებმაც მათივე თქმით, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი დააზიანა.

“ვიძახით, რომ ეს ასოცირების ხელშეკრულება მთავარი საკითხია ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე და თუ მთავარი საკითხია, გეგმა არ გქონდეს მაშინ, როდესაც ამდენი თვე გავიდა, ეს ცოტა გაუგებარია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი თემაა მუხთარლი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი რომელიც გაქრა, რომელზეც პასუხი ვერ მივიღეთ და ეგ სწორედ საგარეო მიმართულებითაც არის მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა "ფონდ ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორმა ლაშა ტუღუშმა.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება ასევე კონგოში დატყვევებული მფრინავის საკითხი.

“არა ერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ მუხთარლის საქმე, ეს არ არის უბრალოდ ერთი ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევა, ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტის თემა. ძალიან მნიშვნელოვანია მოვისმინოთ, პოზიციები ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი თემა, რომელზეც ასევე მე მინდა დღეს დავსვა კითხვები, ეს არის ქართველი მფრინავის თემა, რომელიც კონგოში არის დატყვევებული და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას გარკვეული ინფორმაცია მიეწოდება, მაგრამ კითხვები მაინც რჩება,“ - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

"საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებლის თორნიკე შარაშენიძის თქმით, კი მას საგარეო საქმეთა მინისტრს კითხვები საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით ექნება.  

“როდესაც ხდება ასეთი მძიმე მოვლენა, როგორიც არის საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, აქ უნდა იყოს ჩვენი მთელი საერთაშორისო სამეგობრო, უნდა გადაიცემოდეს ეს ყველაფერი CNN-ით და კიდევ რაც შეიძლება ბევრი უცხოური არხი და ამისთვის საჭიროა საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტივობა,“ - განაცხადა შარაშენიძემ.

დღის ამბები