17 მაისი 2024,   07:32
ვრცლად
სალომე სამადაშვილი მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციის ყველა წინადადების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს

„ჩვენ რეალურად ვხედავთ რომ შეიქმნა პოლიტიკური ჩიხი. ხელისუფლებამ შეიყვანა პროცესი ჩიხში,“ - ასე აფასებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან კონსენსუსის მიღწევას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.  

მისი განცხადებით, მოსახლეობის უმრავლესობა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის მომხრეა და არსებული კონსტიტუციის პროექტი მათ მოთხოვნასთან შეუსაბამოა.

„უკვე ნათელია, რომ პროცესი არის ისეთ ჩიხურ ვითარებაში, სადაც ერთადერთი გამოსავალი არის, მართლაც, რეალურად პროცესის თავიდან დაწყება რეალური საზოგადოებრივი კონსულტაციების გამართვა და პოლიტიკური კონსენსუსის შექმნა იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა მიექანება პოლიტიკური კრიზისკენ, რომლიდანაც გამოსვლა იქნება ძალიან რთული. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ საუბარი უნდა იყოს ან ცალსახად გათვალისწინებაზე ყველა იმ წინადადებების, რაც ჩვენ თავიდანვე გვქონდა ამ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ან რეალურად პროცესის თავიდან დაწყებაზე,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

სალომე სამადაშვილის თქმით, კონსტიტუციური პროექტის შემუშავება ერთი პარტიის მიერ არ უნდა მოხდეს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ, პროცესი უნდა წარიმართოს საზოგადოების რეალური თანამონაწილეობით და ამისთვის ჩვენ რეალურად გვჭირდება მეტი დრო,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

მან აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციასთან კონსენსუსს ვერ მიაღწევს, ეს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე დააზარალებს.

„თუ ამ ნაბიჯს მაინც გადადგამს "ქართული ოცნება," ამით ისინი გააგზავნიან ძალიან მკაფიო გზავნილს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ რეალურად „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს არც დემოკრატიის მომავალი და, შესაბამისად, არ აინტერესებს ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრაზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე, გაუნაწილებელი მანდატების ყველა პარტიაზე გადანაწილებას შეეხება. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შენარჩუნებაზე.

დღის ამბები