17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
წარმოუდგენელი თავხედობაა! - ცხარე კამათი "კურიერის" პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებებზე

„ტყუილია ის, რომ საყოველთაო სახალხო განხილვების დროს საერთოდ არც განხილულა მაჟორიტარების საკითხი,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, „კურიერის“ ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა.

მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები ყოველთვის აკეთებდნენ განცხადებებს პროპორციული სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით და მმართველი გუნდი სწორედ ამიტომ შეჯერდა გარდამავალ პერიოდზე.

„შეგვეძლო საერთოდ არ დაგვეკარებინა ხელი შერეული სისტემისათვის და აბსოლუტურად ლეგიტიმურია ეს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამის შემდეგ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მამუკა მდინარაძეს მოსთხოვა ერთი მაგალითის მოყვანა, თუ რა დათმობაზე წავიდა უმრავლესობა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არაერთ კონსენსუსზე წავიდა და დღეს ოპოზიციას არ აქვს კონკრეტული პოზიცია, თუ რა სახის მოთხოვნები აქვს ოპოზიციას.

„წარმოუდგენელი თავხედობაა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ არ იცის რა არის ოპოზიციის მოთხოვნა,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

მისი აზრით, საერთაშორისო საზოგადოებამ ხელისუფლებას სამაგალითოდ უნდა განუმარტოს, თუ რა სახის ზიანს აყენებენ კონსტიტუციის ახალი პროექტით საქართველოს.

გიგა ბოკერია კი განმარტავს, რომ უკვე ცნობილია ის, თუ ვინ შეიყვანა საკონსტიტუციო განხილვების პროცესი ჩიხში. 

„უნდა თქვან, რომ არიან მზად ამ პროცესის ხელახლა დასაწყებად ან რაღაც სამართლებრივის გამოსაძებნად, იმიტომ რომ უკვე მეორე მოსმენით არის მიღებული კონსტიტუცია და სრული მტკნარი სიცრუეა, რომ მესამე მოსმენისას რაიმე პრინციპული საკითხი შეიძლება შეიცვალოს და უნდა გვითხრან რისი შეცვლისთვის არიან მზად, რას გვთავაზობენ კომპრომისად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იაფფასიანი პიარ სვლა, რომელსაც ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი აყვა, არის ივანიშვილის გუნდის თამაში,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას მიერ გაკეთებულ დათქმაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვით გარდამავალ დებულებებში დეპუტატები მესამე მოსმენის დროს და პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების შემთხვევაშიც, ცვლილებების შეტანის უფლებას იტოვებენ.

„მართლა ასეთი საყოველთაო და საერთო კონსენსუსი, არ ველი პრეზიდენტისგან, მაგრამ თუ იქნება, შესაძლებელია პრეზიდენტის ვეტოს შემდეგაც კი შენიშვნების გათვალისწინება და ეს არის მეორე იურიდიული მექანიზმი, რომლამდე შეიძლება კონსენსუსურ საგნამდე და შეთანხმებამდე მივაღწიოთ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები