17 მაისი 2024,   09:22
ვრცლად
ბაჩო სირაძის ადვოკატების მტკიცებულება შესაძლოა სამართალდამცველების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს

განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა შენახვაში ბრალდებული ბაჩო სირაძის საქმეში დაცვის მხარე ახალ მასალებს - დაკავების ადგილიდან ამოღებულ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ასაჯაროებს. ბაჩო სირაძის ადვოკატები ბრალდების ყველა მტკიცებულების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებენ და ამტკიცებენ, რომ სირაძეს ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო, ეს კი მასალის სწორი სამართლებრივი შეფასებისას ადვილად დადასტურდება. სამართალდამცველების მიმართ ადვოკატებს სხვა პრეტენზიებიც აქვთ.

ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ბაჩო სირაძის დაკავებაში მონაწილე პოლიციელები სხვა გახმაურებულ საქმეებშიც ფიგურირებენ. მაგალითისთვის ასახელებენ გიორგი სიგუას - დეტექტივების სამმართველოს უფროსს, რომელიც ბოლოს ჯგუფ "ბირჟა მაფიას" წევრი რეპერების აყვანის ოპერაციას ხელმძღვანელობდა.

სირაძის დაკავებაში მონაწილე სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების დასადგენად გამოძიება პროკურატურაში თითქმის ორი თვეა მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე არც ერთი პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. უცნობია შეიცვლება თუ არა პროკურატურის პოზიცია ადვოკატების მოპოვებული მასალის შესწავლის შემდეგ. საქმის პროკურორი კადრების სამართლებრივი შეფასებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

ბაჩო სირაძის დაცვის მთავარი მტკიცებულება - კადრები და ასევე სხვა დოკუმენტები უკვე სასამართლოშია. მოსამართლემ დღეს მოისმინა იმ მტკიცებულებათა ნუსხა, რომლის არსებით განხილვაზე დაშვებასაც მხარეებისგან ითხოვენ, თუმცა გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. მერაბ ჯორბენაძე ხვალვე იმსჯელებს ბაჩო სირაძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე. კადრების შესწავლის შემდეგ ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ მოსამართლე ბაჩო სირაძეს პატიმრობიდან გაათავისუფლებს.

დღის ამბები