17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
მცოცავი ოკუპაციის საერთაშორისო დონეზე წინ წამოწევა - ოპოზიცია ხელისუფლებას გააქტიურებისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე საქართველოს ოკუპაციის საკითხის გააქტიურებისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მთავრობამ უკრაინასთან ერთად ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ქვეყნის საკითხი აქტიურად განიხილებოდეს.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს და აკეთებს ყველაფერს, რათა მცოცავი ოკუპაცია დღის წესრიგში იყოს.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ მცოცავი ოკუპაცია და კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხები პიროვნულ კონფლიქტებს ეწირება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მათ შორის, სახელმწიფო ინტერესები ეწირება პიროვნულ კონფლიქტებს, ეწირება იმ ინსტიტუციურ ბრძოლას, რომელიც თან მოსდევს ბიძინა ივანიშვილის პირად დამოკიდებულებას, ამა თუ იმ სახელმწიფო პირის მიმართ და ამის საფასურს იხდის ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი. დღესაც შეიძლება ჩვენ მოვითხოვოთ, რომ სანქციების საკითხს დაემატოს საქართველოს საკითხი, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ სურს ამის გაკეთება,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, გიორგი კანდელაკი აღნიშნავს, რომ დიდი ოცეულის შეხვედრაზე მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს საქართველოს საკითხზე ისაუბროს. თუმცა, გიორგი კანდელაკს საქართველოს მთავრობის პოლიტიკიდან გამოდინარე, ამის მოლოდინი არ აქვს. 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით ქვეყანამ მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს. 

დღის ამბები