17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
პრეზიდენტის შეთავაზებაზე ოპოზიცია მზადყოფნას გამოთქვამს 

საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ორშაბათიდან დიალოგის დაწყებას ეხება, საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. „ევროპული საქართველოს" წევრები აცხადებენ, რომ ისინი დიალოგში ჩაერთვებიან, თუმცა პარტიის ლიდერები განმარტავენ, რომ დიალოგს არ უნდა ჰქონდეს ფორმალური სახე.

ირმა ნადირაშვილის თქმით, მსჯელობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ მმართველი გუნდი პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების აზრს გაითვალისწინებს. კერძოდ, საუბარია 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე.  

„ჩვენ ცხადია მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა დიალოგში, რომელიც შემოგვთავაზა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, მაგრამ პირველ რიგში მმართველი ძალა უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ისევ განაგრძობს სპექტაკლს თუ მათი მხრიდან არის რეალური პოლიტიკური ნება, შეიცვალოს სიტუაცია და გაუმჯობესდეს კონსტიტუცია,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, ეს არის ჩვენი მხრიდან საზოგადოების ინფორმირება. იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოების ნახევარზე მეტმა საერთოდ არ იცის რა ცვლილებებზეა საუბარი. ჩვენ გვჭირდება საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია,“ -განაცხადა სალომე სამადაშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციურ პროექტზე მსჯელობა დღეს ხელისუფლებას შესთავაზა. როგორც პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა მოლაპარაკებების მაგიდას უკვე ორშაბათიდან მიუჯდეს და მმართველ გუნდთან, ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორთან ერთად, ყველა სადაო საკითხი ხელახლა გაიაროს.

ამავე თემაზე
დღის ამბები