17 მაისი 2024,   09:20
ვრცლად
გაღმიდან ისინი იძახიან, ჩვენ გამოღმიდან ვამბობთ, რომ მზად ვართ, მაგრამ შეხვედრა არ ჩანს - ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს 15 არასაპარალამენტო ოპოზიციური პარტია კიდევ ერთხელ შეიკრიბა. მათთან ერთად კონსტიტუციური პროექტის გადასინჯვაზე განხილვას ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები. მათ იმ საკითხებზე იმსჯელეს, რაზეც შესაძლოა, მმართველ გუნდთან დიალოგი შედგეს.

პოლიტიკოსები თვლიან, რომ საკონსტიტუციო პროექტზე ხელისუფლებამ პროცესი ჩიხში შეიყვანა და ახლა გამოსავლის მოძებნაა საჭირო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა ოპოზიცური პარტიების შეხვედრის შემდეგ აღნიშნავს, რომ იმსჯელეს იმ გზებზე, რომლის დახმარებითაც ქვეყანა ჩიხური მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს.

„პროცესი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო სათავისოდ, შეჩერდეს და დაიწყოს თავიდან ისე, როგორც ეს ხდება დემოკრატიულ ქვეყანაში, როცა კონსტიტუციის ცვლილებების საკითხი დგება,“ - აცხადებს ნიკა რურუა.

პარტია ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” აღმასრულებელი მდივანი, გოჩა თევდორაძე პარლამენტში შეტანილი პროექტის განხილვის შეჩერების აუცილებლობაზე საუბრობს. გოჩა თევდორაძე ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებს.

”ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე, კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, მმართველი გუნდის წევრებთან დიალოგის დაწყებაზე და მათაც იგივე ნაბიჯების გადმოდგმისკენ მოუწოდებს.

„სიტუაცია ასეთია, რომ გაღმიდან ისინი იძახიან, მზად ვართ შეხვედრებისთვის, გამოღმიდან ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენც მზად ვართ, მაგრამ შეხვედრა არ ჩანს... მზად ვართ შეხვედრისთვის, გვაქვს ჩვენი ხედვები, ჩვენი წინადადებები, ვიცით ხელისუფლების პოზიციები, მაგრამ თუ ამ სიტუაციის განმუხტვა და პოზიტიურად შეტრიალება გვინდა შედეგის თვალსაზრისით, ამას სჭირდება შეხვედრა,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ დააკონკრეტეს, წავლენ თუ არა მმართველ გუნდთან რომელიმე საკითხთან დაკავშირებით კომპრომისზე. მათი განცხადებით, ახალი კონსტიტუციის პროექტზე საზოგადოების ფართო კონსენსუსი უნდა შედგეს. ისინი ხელისუფლებას მორიგ შეხვედრას სთავაზობენ.

დღის ამბები