17 მაისი 2024,   14:01
ვრცლად
„არ არსებობს არანაირი საფუძველი ივარაუდო, რომ რუსეთი ერეოდა აშშ-ის საარჩევნო პროცესში," - ვლადიმერ პუტინი

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრის შემდეგ, თეთრი სახლი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიალოგის დაწყებას აანონსებს - მედიის ინფორმაციით, განცხადება ამ თემაზე დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჟურნალისტებთან თვითმფრინავის ბორტზე საუბრისას გააკეთა.

ჰერბერტ მაკმასტერის განცხადებით, ჰამბურგში გამართული მოლაპარაკებისას, არცერთი პრობლემა არ გადაჭრილა, თუმცა ეს შეხვედრა გახდა ერთგვარი სტარტი, რომ ვაშინგტონმა და მოსკოვმა საერთაშორისო პრობლემების მოსაგვარებლად ერთობლივი მუშაობა დაიწყონ. ორ-საათიანი მოლაპარაკებები დონალდ ტრამპთან სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმაც შეაფასა და იმედი გამოთქვა რომ უახლოეს მომავალში მხარეები ურთიერთობების ნორმალიზებას შეძლებენ.

რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ამერიკელმა კოლეგამ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხზე ბევრი შეკითხვა დაუსვა.

„არ არსებობს არანაირი საფუძველი ივარაუდო, რომ რუსეთი ერეოდა შეერთებული შტატების საარჩევნო პროცესში. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დიდი დრო დაუთმო ამ საკითხს და ამ თემაზე ბევრი შეკითხვა დასვა. შეძლებისდაგვარად ვუპასუხე ამ კითხვებს. ვფიქრობ მან გაითვალისწინა ჩემი ნათქვამი და დამეთანხმა, მაგრამ როგორ შეაფასებს ეს თავად მას უნდა ჰკითხოთ. რაც შეეხება პირად ურთიერთობების დამყარებას, ვფიქრობ ჩვენ ეს შევძელით. ტელევიზიით ნანახი ტრამპი განსხვავდება რეალური ტრამპისგან. ის კონკრეტული და ადექვატური მოსაუბრეა, სხარტი ანალიზის უნარი აქვს. ჩემი აზრით, თუ ურთიერთობების აგებას ისე გავაგრძელებთ, როგორც საუბარი წარიმართა, ჩვენ შევძლებთ ნაწილობრივ მაინც აღვადგინოთ ის ურთიერთობა, რომელიც გვჭირდება,“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

დღის ამბები