17 მაისი 2024,   08:03
ვრცლად
ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ

კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრები და ადვოკატი დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ. ბრალდებულები უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობენ.

დაცვის მხარის ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების მთავარი მოთხოვნა ცრუ ჩვენებებზე გამოძიების დაწყებაა. ისინი იმედოვნებენ, რომ ე.წ. კორტების ხმაურიანი სპეცოპერაციის საქმით პრეზიდენტი დაინტერესდება. დაცვის მხარემ ადმინისტრაციას დღეს ყველა საჭირო საბუთი წარუდგინა.

„მოთხოვნები არის იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება იქნას დაწყებული სპეცრაზმელების ერთად ჯდომაზე და მირიანაშვილის და გოგატიშვილის ცრუ ჩვენებაზე. უბრალოდ, ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო, რომ ამაში პრეზიდენტმა ხელი შეგვიწყოს, დაგვეხმაროს, გარკვეულწილად, თავისი პოზიცია დაგვიფიქსიროს, რომ ამ დანაშაულებზე, რაზეც ჩვენ ვითხოვთ რეაგირებას, აუცილებლად დაიწყონ გამოძება,“ - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, ნინო ხვიტია და გიორგი ცააძის და, ირინა ცააძე იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე სათანადოდ იყოს გამოძიებული. 

ე.წ. კორტების საქმეში ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა, გასულ პარასკევს პროკურატურას ციხეში მაგისტრანტ მოსამართლესთან ერთად, ე.წ. ციანიდის საქმის მოწმეზე შესაძლო ზეწოლის საკითხზე უნდა დაეკითხა. დაკითხვა გადაიდო, რადგან პროცესში ირაკლი ფირცხალავამ გონება დაკარგა და მცირე დაზიანებები მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს პროკურატურა მასთან დაკითხვაზე შესვლას. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები