17 მაისი 2024,   07:33
ვრცლად
ვადასტურებ, რომ მიხეილ ჩინჩალაძე არის ჩემი მეგობარი, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ - უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი

უმრავლესობის დეპუტატის, ვანო ზარდაშვილის კავშირები სასამრთლო ხელისუფლებასთან - „კურიერმა“ ექსკლუზიურად ერთ-ერთ რესტორანში გადაღებული ფოტოები მოიპოვა, სადაც თავად ზარდიაშვილის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძისა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის არაფორმალური შეხვედრაა აღბეჭდილი.

ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, რომ მისი და სასამართლოს წარმომადგენლების ნაცნობობაზე ყურადღების გამახვილება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას ინტერესებში შედის.

„რატომღაც, ნიკა გვარამიას ფანტაზიის წყარო ამ საკითხებს აბინძურებს ხელოვნურად. რატომღაც, მისთვის პრობლემა არ იყო, როდესაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო პალიკო კუბლაშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო კოტე კუბლაშვილი, ეს ნიკა გვარამიას ხელისუფლების პირობებში პრობლემა არ იყო. რატომღაც, პრობლემა არ არის, როდესაც გვარამიას ბავშვის ნათლია, მაია კოპალეიშვილი განიხილავდა „რუსთავი 2“-ის საქმეს და მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ და აცილების საფუძველიც კი არ გახდა ეს. აქედან გამომდინარე, გვარამიას ბინძური გონების შთაგონება არის ეს, რომ რაღაცა მიზნობრივი კავშირები იპოვოს ჩემსა და სასამართლოს შორის,“ - აცხადებს ვანო ზარდიაშვილი.

თავად უმრავლესობის წევრი ადასტურებს, რომ მოსამართლეებს იცნობს და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

„დიახ, ვადასტურებ, რომ მიხეილ ჩინჩალაძე არის ჩემი მეგობარი. ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით, ხმამაღლა ვიძახი, რომ ვამაყობ და მიხარია, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემას ჰყავს ასეთი ღირსეული მოსამართლე. რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, დიახ, მე ვიცნობ მას. იგი არის ძალიან ღირსეული ადამიანი, ღირსეული მოსამართლე და ვულოცავ მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობას. რაც შეეხება იმას, თუ საიდან ვიცნობ გიორგი მიქაუტაძეს, ჩვენ ვიყავით კურსელები,“ - აცხადებს ვანო ზარდიაშვილი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის მიზეზი სასამართლოში კლანური მმართველობის გამო რადენჯერმე გახდა, სამოქალაქო სექტორი სასამართლოში მის გავლენებზე საუბრობდა.

დღის ამბები