17 მაისი 2024,   06:54
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" ვიზიტი მოსკოვში და შეფასებები საპარლამენტო ოპოზიციაში

„პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტს მოსკოვში, გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. საპარლამენტო უმცირესობაში, როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში", ასევე "ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ხელისუფლებას დამთმობი პოლიტიკა აქვს რუსთის ფედერაციასთან და სწორედ ამან მოიტანა ის, თუ რა ვითარებაც არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს.

ზაზა ბიბილაშვილის თქმით, „ის, რომ საქართველო მარტოა რუსეთთან მიმართებაში, არის ქვეყნის ხელისუფლების ბრალი.“

„არ არსებობს რუსეთთან წარმოებული დიალოგის წარმატების მაგალითი მსოფლიოს ისტორიაში. არ არსებობს მაგალითი, როდესაც დაპყრობილმა ქვეყანამ გაათავისუფლა საკუთარი ტერიტორიები რუსეთთან დიალოგის გზით. ერთადერთი გზა არის, ეკონომიკური გაძლიერება, რის საწინააღმდეგოდაც ყველაფერს აკეთებს ეს ხელისუფლება და ასევე ძალიან მჭიდრო კონტაქტი ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან,“- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი „პატრიოტთა ალიანსს“ საქართველოს ხელისუფლების მოკავშირეს უწოდებს. 

„პატრიოტთა ალიანსი არის ცნობილი იმით, რომ არის "ქართული ოცნების" მოკავშირე, ყველა საკვანძო და მნიშვნელოვან საკითხში. რა თქმა უნდა, მტერთან საუბარი აუცილებელია, მაგრამ ამისათვის არსებობს ჟენევის ფორმატი,“ - განაცხადა კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები სათათბიროს დეპუტატებთან გამართავენ მოლაპარაკებას.

დღის ამბები