17 მაისი 2024,   06:57
ვრცლად
ოპოზიცია დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, თურქული მხარისთვის გადაცემას არ გამორიცხავს

ოპოზიცია დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, თურქული მხარისთვის გადაცემას არ გამორიცხავს. ოპოზიციური პარტიის წევრების განცხადებით, სახელმწიფომ ადამიანის უფლებები უნდა დაიცვას და ექსტრადაცია არ უნდა მოახდინოს.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნუგზარ წიკლაური, ეჭვობს, რომ სახელმწიფო მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებას გეგმავს. მისი თქმით, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საერთაშორისო ორგანიზაციების კვალიფიციური დასკვნები, რომ, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქროს.

„ასეთი სწრაფი პასუხი სოზარ სუბარის უწყების მხრიდან ჩვენ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება, შესაძლოა, აპირებდეს გადაცემას ჩაბუქის და ეს ნიშნავს, აგრეთვე იმას, რომ, ამ შემთხვევაში, არ იქნება გათვალისწინებული საერთაშორისო ორგანიზაციების კვალიფიციური დასკვნები იმასთან დაკავშირებული, რომ, შესაძლოა, თურქეთში ამ ადამიანის სიცოცხლეს და ამ ადამიანის ჯანმრთელობას დაემუქროს საფრთხე,“ - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, სერგო რატიანი, თურქეთთან მეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობასთან ერთად ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ადამიანის უფლებები ქვეყანამ უნდა დაიცვას.

„ეს არის შემაშფოთებელი, თურქეთი არის ჩვენი პარტნიორი და მასთან ურთიერთობა არის მნიშვნელოვანი ოღონდ, ჩვენს ტერიტორიაზე მყოფი ადამიანის უფლებების დაცვა არის ფუნდამენტური პრინციპი, რომლის შელახვა არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ჩვენ არ უნდა ვკარგავდეთ ჩვენს სახეს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები