17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტი - ერთმანეთისგან განსხვავებული შეფასებები არასაპარლამენტო ოპოზიციაში

"თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში ხელისუფლების დავალების შესასრულებლად წავიდნენ და პარტიას ის „ქართული ოცნების“ რადიკალურ ფრთას უწოდებს.

„ეს არ არის უკვე პრორუსული პოლიტიკა, ეს არის უკვე პირდაპირ რუსული პოლიტიკა. ეს ადამიანები წავიდნენ იქ დავალების შესასრულებლად, რადგან ვერავინ ვერ გვითხრა, თუ ვისთან შესახვედრად მიდიოდნენ,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

განცხადება ვიზიტის შესახებ გააკეთა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ. მან „პატრიოტთა ალიანსს“ წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ წარმატებას უსურვებს „ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შეეცდება, რომ რუსეთთან დიალოგი აწარმოოს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.“

ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მან ბევრი დრო დაკარგა, როდესაც მან თავის დროზე რუსეთთან მოლაპარაკებები პირდაპირი დიალოგის ფორმატში არ აწარმოა.

„მე ბრალს ვდებ "ქართულ ოცნებას" დანაშაულში, რომ არ აწარმოეს მოლაპარაკებები რუსეთთან და არ შეაჩერეს ეს პროცესი,“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავა აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში დათმობაზე არ წავა, თუმცა ის აქვე აცხადებს, რომ მასთან დიალოგს მიესალმება. 

„მე მგონია, რომ დისკუსიას და დიალოგის აქვს აზრი, იმიტომ რომ ოკუპირებული ტერიტორიები ეს არის ისეთი მწვავე საკითხი, რომელსაც არ აქვს მოკლევადიანი გადაწყვეტა და უნდა ისმოდეს მაინც მოსკოვში ის საკითხი, თუ ვინმე ამას მოახერხებს,“ - განაცხადა კახა კუკავამ.

დღის ამბები