17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
ჩვენ მომავალშიც ვიმუშავებთ კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - სერგეი ლავროვი

საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის წარმომადგენელ, გრიგორი კარასინს შორის გამართული შეხვედრის დეტალები დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო უწყების ხელმძღვანელს, დიმიტრი მედოევს გააცნო. სერგეი ლავროვმა დიმიტრი მედოევი მოსკოვში მიიღო. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს და შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრეს.

"სიტუაციაში, როდესაც კავკასიის რეგიონში ნარჩუნდება არასტაბილურობა, მათ შორის საქართველოს მაპროვოცირებელი მცდელობებით პოზიციები გაიმყაროს ნატო-ში, ალიანსის მეშვეობით კი რეგიონში, ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და რა თქმა უნდა, ჩვენი აფხაზი მოკავშირეების კოორდინირებული მოქმედება. ჩვენ მომავალშიც ვიმუშავებთ ერთად კავკასიაში მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხის ნეიტრალიზების მიზნით. მიგვაჩნია, რომ ჩვენი მცდელობის მნიშვნელოვან მოედნად რჩება ჟენევის დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ვაყენებთ მთავარ ამოცანას - შეთანხმების გაფორმებას ძალის არგამოყენების შესახებ. გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონში სავაჭრო ტრანზიტის ორგანიზებასთან დაკავშირებით. არსებობს ასეთი გეგმა, რომელიც საკმაოდ მაღალ ინტერესს იწვევს. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ამ სამუშაოებში მონაწილეობის მზადყოფნა დაადასტურეს. ვაფასებთ ასეთ კონსტრუქციულ პოზიციას. სამხრეთ ოსეთის გარეშე ტრანზიტის პროექტის რეალიზება შეუძლებელია,” - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

დიმიტრი მედოევმა კი ოკუპირებული ოსეთის მიერ ჰააგის სასამართლოში გაგზავნილ საქმეზე ისაუბრა, რომელიც, მისი აზრით, საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში ამხელს.

„რაც შეეხება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, პროცესი ომის დასრულებისთანავე დავიწყეთ. მოვაგროვეთ საჩივრები. ჩავატარეთ სამუშაოები და ამ მასალებს მივეცით ფორმულირება, რომ ჰააგის სასამართლოში მიეღოთ. დანაშაულის, რომელიც 2008 წელს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინეს, არ გააჩნია ხანდაზმულობის ვადა და ადრე თუ გვიან დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან,” - განაცხადა დიმიტრი მედოევმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები