17 მაისი 2024,   23:05
ვრცლად
სუს-ის სკანდალური წინასაარჩევნო პროექტი ფარული ვიდეომასალებით - ოპოზიციის კრიტიკა და უმრავლესობის პასუხი

მორიგი სკანდალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარშემო. ოპოზიცია ელოდება, რომ არჩევნების წინ მმართველი გუნდი ოპონენტების წინააღმდეგ სპეცსამსახურებს გამოიყენებს. სუს-ს სპეციალური ჯგუფის შექმნაში ადანაშაულებენ, რომელსაც ოპოზიციის წინააღმდეგ ფარული ჩანაწერების გამოყენება დაევალება.

ამ გეგმების შესახებ „პოსტსკრიპტუმთან“ სუს-ის ყოფილმა თანამშრომლებმა, ნინო ნიქაბაძემ და კობა კაპანაძემ ისაუბრეს, რომლებიც ქვეყნიდან არიან გაქცეულები და აცხადებენ, რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, ვახტანგ გომელაურის უწყება, სუს-ი, მათ სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. ნინო და კობა აცხადებენ, რომ სუს-ში მათ სწორედ იმ პროექტში ჩართვა შესთავაზეს, რომელიც მმართველი გუნდის ოპონენტებზე კომპრომატების და მათ შორის, ფარული ჩანაწერების მოპოვებას გულისხმობს.

მმართველ გუნდში არგუმენტირებული განმარტების ნაცვლად, "რუსთავი 2-სა" და სახელმწიფო უწყების ყოფილ თანამშრომლებს ცილისწამებაში ადანაშაულებენ.

აღსანიშნავია, რომ ფარული კადრების წინასაარჩევნოდ გავრცელების პრაქტიკა საქართველოში არსებობს და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამავრცელებლები ამ დრომდე არ დასჯილან, რადგან გამოძიება ბოლომდე არ მისულა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. მმართველ გუნდში კი ვახტანგ გომელაურის ინტერესებს „ქართული ოცნების“ დეპუტატები იცავდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები