17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" შეხვედრა დუმაში - პოლიტიკოსების კრიტიკა და მმართველი გუნდის პოზიცია

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტს მოსკოვში და დღევანდელ შეხვედრას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში, პოლიტიკოსები აფასებენ. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ პარტიას საკუთარი დღის წესრიგი აქვს.

საქართველოს პარლამენტში 6 კაციანი მანდატის მქონე პარტია დუმაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პარტია „ედინაია რასიას“ და „კომუნისტების“ წარმომადგენლებს შეხვდა. მათ რუს დეპუტატებთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესაძლებლობასა და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხზე ისაუბრეს. ასევე, შეთანხმდნენ ახალ არაფორმალურ ფორმატზე, რომელშიც საქართველო და რუსეთი პირისპირ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს.

„ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ახალი ფორმატის რესურსი არსებობს, თუმცა ეს მხოლოდ მომავლის საკითხია.

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის დეპუტატები რუსეთის დუმის წარმომადგენლებს არაპირდაპირ ფორმატში პერიოდულად ხვდებიან. ამას „ქართული ოცნების“ წევრი, ზაქარია ქუცნაშვილიც ადასტურებს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ კრემლი ქართველ პოლიტიკოსებთან პირდაპირი კომუნიკაციით მხოლოდ პოზიციებს გაიმყარებს და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები კიდევ ერთხელ დაზიანდება.

პირდაპირი ფორმატის საშიშ მხარეებზე ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე, პაატა დავითაიაც საუბრობს. ის ასევე აღნიშნავს, რომ „კომუნისტური პარტიის“ დეპუტატების ნაწილი, რომელსაც „პატრიოტთა ალიანსი“ დღეს შეხვდა, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არა ერთხელ ჩასულა და ოკუპაციის მომხრეა.

თავად „პატრიოტთა ალიანსი“ შეხვედრით კმაყოფილია. მათ „დუმის“ წევრებთან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე ყურადღება არ გაამახვილეს, თუმცა საქართველოში „ოკუპაციის კანონის“ გაუქმების საკითხზე ისაუბრეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები