17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
ვანო ზარდიაშვილის მეუღლე მოსამართლეთა გამწესებას კურირებს - მესამე სექტორი

მესამე სექტორი სასამართლოში ე.წ. კლანური მმართველობის არსებობის ეჭვების საფუძველზე ახალ დოკუმენტს ასაჯაროებს. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების თანამდებობებზე სამუდამოდ გამწესებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თინათინ აბრალავა წყვეტს. თინათინ აბრალავა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის მეუღლეა.

არასამთავრობო სექტორი ფიქრობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მეუღლის ამ პოსტზე მუშაობით, დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს, მოსამართლეებზე ზეწოლის დამატებითი ბერკეტი ეძლევა. თავად ზარდიაშვილი კი, მოსამართლეების მაკონტროლებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელად მისი მეუღლის დანიშვნაში პრობლემას ვერ ხედავს.

„კურიერის“ მიერ მოპოვებულ ფოტოებზე, რომელიც არაფორმალურ გარემოში დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის, იუსტიცის უმაღლესი საბჭოს ახალი მდივნის გიორგი მიქაუტაძისა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიხეილ ჩინჩალაძის შეხვედრას ასახავს, არასამთავრობო სექტორი სასამართლო ხელისუფლებაში კლანური მმართველობის კიდევ ერთ დასტურად მოიაზრებს. ამიტომ, ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ. 

სამოქალაქო სექტორი, რომელმაც სასამართლოზე ზეწოლის შეწყვეტა დღეს აღმასრულებელ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოსთხოვა, შესაბამის რეაგირებას ელოდება. მესამე სექტორი არ გამორიცხავს, რომ ვანო ზარდიაშვილისა და შესაძლო კლანური მმართველობის შესახებ ინფორმაცია, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გადაუგზავნონ.

დღის ამბები