17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
დროში გაჭიანურებული საქმე - Elit Electronics-ის ყოფილი მფლობელი TBC ბანკის და ხელისუფლების წინააღმდეგ

Elit Electronics-ის ყოფილი მფლობელი ანზორ ქოქოლაძე ხელისუფლებას, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მფარველობაში ადანაშაულებს.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ 7 წლის წინ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა და TBC ბანკმა კომპანია Elit Electronics წაართვეს. ქოქოლაძე რამდენიმე წელია, TBC ბანკისთვის გადაცემული კომპანიის დაბრუნებას და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ქოქოლაძე მოქმედ ხელისუფლებას საქმის გაჭიანურებასა და დანაშაულებრივი სქემის მფარველობაში ადანაშაულებს.

ანზორ ქოქოლაძემ, დღეს სახალხო დამცველთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, ხელისუფლებას და შესაბამის უწყებებს დროული გამოძიების მოთხოვნით მიმართა. კომპანია Elit Electronics-ის საქმე ომბუდსმენის რამდენიმე ანგარიშში მწვავე კონტექსტში მოხვდა.

რაც შეეხება TBC ბანკს, კომპანიის უფლებადამცველები ხელისუფლების მფარველობის შესახებ ბრალდებას აბსურდად აფასებენ. ადვოკატი აცხადებს, რომ ქოქოლაძე დაზარალებული არ არის, ვინაიდან თავის დროზე, Elit Electronics-მა ბანკთან სასესხო პირობები დაარღვია, პროცესები კი, კანონის დაცვით წარიმართა.

გამოძიების დაწყებიდან 5 წლის შემდეგ, ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ Elit Electronics-ის საქმეზე დაკითხულია ანზორ ქოქოლაძე და მამუკა ხაზარაძეც.

პროკურატურის გარდა, ბიზნესმენ ქოქოლაძეს პრეტენზიები თბილისის საქალაქო სასამართლოსთანაც აქვს. Elit Electronics -ის მფლობელობასთან დაკავშირებით დაწყებული პრობლემების პარალელურად, 6 წლის წინ პროკურატურამ საქმე მის წინააღმდეგ ფულის გათეთრების მუხლითაც დაიწყო. 

ქოქოლაძის საქმის განხილვა 24 ივლისს განახლდება.

 

დღის ამბები