17 მაისი 2024,   06:33
ვრცლად
ოკუპაციის ახალი სახე და 200 მეტრი მავთულხლართებიდან - მოსახლეობას ე.წ. საზღვართან მიახლოებაც აეკრძალა   

რუსმა სამხედროებმა მავთულხლართებიდან 200 მეტრში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ტრაქტორით ხნულები გაავლეს. ხნულების იქით, საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილება ეზღუდებათ. 200 მეტრიანი დისტანცია ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრიდან ქარელის რაიონის სამ სოფელს - ცერონისს, ავლევსა და თამარაშენს დაუწესეს. საოკუპაციო საზღვართან მიახლოვების აკრძალვას ცხინვალის წარმომადგენლები სხვა სოფლებშიც აპირებენ.

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგა. ცხინვალის წარმომადგენელი მურად ჯიოევი ამტკიცებდა, რომ მოსკოვის საოკუპაციო პოლიტიკა სწორია. ცხინვალის წარმომადგენელი  ამტკიცებს, რომ საზღვართან მიახლოების აკრძალვა მოსახლეობაზე ზრუნვითაა განპირობებული.

საოკუპაციო რეჟიმის წინადადებას კატეგორიულად არ ეთანხმება ქართული მხარე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიიჩნევენ, რომ ბორდერიზაციის პროცესი უკანონოა, ქარელის რაიონის სოფლებში ხნულების გავლება კი, ამ პროცესის გაგრძელებაა.

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშილი, ფაქტს საქართველოს სახელწიფოს მიმართ მტრულ ნაბიჯად აფასებს, რომელსაც მისი თქმით, მთელი სახელმწიფო უნდა დაუპირისპირდეს.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ქართულმა მხარემ ერგნეთში შეხვედრისას დააყენა, რუსული უპილოტო საფრენი აპარატები იყო, რომლებიც როგორც აღმოჩნდა, საქართველოს კონტროლირებად საჰაერო სივრცეს ხშირად არღვევენ. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს დელეგაციამ პასუხი ვერ მიიღო.

ავტორი: იზო ჩუბინიძე. 

დღის ამბები