17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
"ქართული ოცნება" საკუთარ პარტიას აფინანსებს თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე" - გიორგი ვაშაძე 

სამოქალაქო პლატფორმა ”ახალი საქართველო“ მერიას და "ქართულ ოცნებას" კორუფციაში ადანაშაულებს. გიორგი ვაშაძემ და მისი პარტიის წარმომადგენლებმა, მასალები დღეს აუდიტის სამსახურს გადასცეს.

ოპოზიციური პარტიის განცხადებით, დაახლოებით 2 მილიონი ლარი, 8 ათას ადამიანს უკანონოდ ჩაერიცხა, რადგან ისინი სოციალურად დაუცველები არ არიან და შემოწირულობით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი აქტივისტები ბიუჯეტიდან დააფინანსა.

"ახალი საქართველო" დამნაშავე პირების პასუხისმგებლობას და თანხის ბიუჯეტში დაბრუნებას ითხოვს. ყველაზე მეტი თანხა, კრწანისის გამგეობაში გაიცა, თუმცა გამგეობის წევრები ჯერჯერობით ბრალდებებს არ პასუხობენ.

„დაახლოებით 2 მილიონს, 5 მილიონ ნახევრიდან იღებს აბსოლუტურად გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანი. როცა ჩავედით შინაარსობრივად, ვნახეთ, რომ ბევრი მათგანი არის "ქართული ოცნების" აქტივისტი. ანუ, "ქართული ოცნება" საკუთარ პარტიას აფინანსებს თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე. შესაბამისად, ჩვენ მოვიტანეთ ეს მონაცემები და ორი მიმართულებით ვთხოვეთ შესწავლა აუდიტის სამსახურს. ერთი, არის პარტიების დაფინანსების მიმართულებით და მეორე არის თვითმმარველობის საბიუჯეტო სახსრების გამოყენების მიმართულებით," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი ამბობს, აუდიტის სამსახური შეისწავლის ინფორმაციას და დამატებით დეტალებს მოიძიებს.

დღის ამბები