17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
„პატრიოტთა ალიანსმა“ აიღო რუსეთის გზავნილები - ოპოზიცია ოკუპაციის კანონში ცვლილებებს ეწინააღმდეგება

საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმება და მასში ცვლილებების შეტანა ოპოზიციისთვის მიუღებელია. მათი აზრით, „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტი მოსკოვში და საუბარი კანონში ცვლილებების შეტანასა თუ ახალი ფორმატის შექმნაზე, პრორუსული პოლიტიკის გაგრძელებაა.

„ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელსაც აგიტაციას უწევს „ქართული ოცნება“, როდესაც ამბობს, რომ შესაძლებელია რუსეთთან დიალოგი პირისპირ და ამ დროს არ რთავს საერთაშორისო თანამეგობრობას და საქართველო არ არის, ასე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი უკანონო ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობის მთავარ დღის წესრიგში,“ - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაა.

„საქართველოს ტერიტორიაზე ჯარები ჰყავს განლაგებული და არ ასრულებენ 12 აგვისტოს შეთანხმებას. ეს არის, რაც ხელს გვიშლის ნორმალურ ურთიერთობებში. ამას ყველაფერს თუ შეცვლიან, მაშინ იქნება ნორმალური ურთიერთობები. რუსული მხარე ამ ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ ჩვენ გავწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობები, რომ ჩვენ გვაქვს ოკუპაციის კანონი. ახლა, როგორც ჩანს, „პატრიოტთა ალიანსმა“ აიღო ზუსტად იგივე გზავნილები, რაც ჰქონდა რუსეთს წლების განმავლობაში,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები