17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
„მერიაში სრულიად უკონტროლოდ ხდება კადრების დამატება" - ოპოზიცია კორუფციულ სქემაზე საუბრობს

ოპოზიციის წევრები დედაქალაქის მერიაში არსებული პოლიტიკური კორუფციის კიდევ ერთ სქემაზე საუბრობენ. ოპოზიციამ დღეს სამი განკარგულება გაასაჯაროვა, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მხოლოდ მაისის თვეში გამოსცა, რომელთა მიხედვით ირკვევა, რომ მერიის დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურებში შტატების რაოდენობა გაზრდილია.

ოპოზიციის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტებით, სატრანსპორტო კომპანიაში შტატების რაოდენობა 35-ით გაიზარდა, ასევე, სახელფასო დანამატი, დაახლოებით, 2 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ოპოზიციის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ შტატების რაოდენობა გაზრდილია ცხოველთა მონიტორინგის სამსახურსა და ახალგაზრდულ ცენტრში.

„მერიაში სრულიად უკონტროლოდ ხდება კადრების დამატება. ეს მეტყველებს ერთადერთზე, რომ წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დაინტერესებულია თავისი აქტივისტების, თავისი ახლობელ-ნათესავების დასაქმებით, რომ შემდგომ ადმინისტრაციული რესურსის სახით, საარჩევნო კამპანიაში ეს ადამიანები გამოიყენონ და მიიღონ ის ხმები, რომელიც დღეს მათ არ ეკუთვნით,“- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მარინა დათუკიშვილმა.

ოპოზიციის ბრალდებებს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ უპასუხა. მან სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულების შესახებ ისაუბრა.

„შტატების გაზრდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში იმ პროექტებს უკავშირდება, რომელიც ბოლო პერიოდში თბილისის მერიისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ ხორციელდება. ეს არის ახალი ავტობუსების შემოყვანა, ახალი ავტობაზის მშენებლობა,“- განმარტა ირაკლი ლექვინაძემ. 

დღის ამბები