17 მაისი 2024,   17:22
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" მოლაპარაკებები რუსეთის დუმაში და ქართველი პოლიტიკოსების კრიტიკა

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები საქართველოში რუს დეპუტატებთან დადებული რამდენიმე სიტყვიერი შეთანხმებით ბრუნდებიან. ადა მარშანიამ, გია ლომიამ და ნატო ჩხეიძემ რუსეთის სათათბიროში, რუს დეპუტატებს პირობა მისცეს, რომ თბილისში დაბრუნების შემდეგ, ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმებაზე მუშაობას დაიწყებენ.

მოსკოვში ჩატარებული შეხვედრის ინიციატორი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი კი აცხადებს, რომ შეხვედრაზე ქართველმა პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონს მხარს არ უჭერდნენ და მისი გაუქმებისთვის იბრძოლებენ.

„ქართულ ოცნებაში“ საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმებას გამორიცხავენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ კანონი გადასახედია.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, სერგი კაპანაძე, რომელიც ოკუპაციის შესახებ კანონის ერთ-ერთი ავტორია, აცხადებს, რომ მისი გაუქმება პოლიტიკური შეცდომა იქნება და საქართველომ საკუთარ პოზიციებს მხოლოდ მას შემდეგ უნდა გადახედოს, რაც რუსეთი ქვეყნის ოკუპაციას შეწყვეტს და ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები, ასევე დარწმუნებული არიან, რომ საქართველო-ნატო-რუსეთის სამმხრივი პირდაპირი დიალოგი კარგი ინიციატივაა. მათი აზრით, რუსეთთან პირდაპირი დიალოგი ოკუპირებულ რეგიონებში სიტუაციის დასტაბილურებას ხელს შეუწყობს.

მმართველ გუნდში რუსეთთან დიალოგისთვის ახალი ფორმატის შექმნას გამორიცხავენ, ყოველ შემთხვევაში, იმ დრომდე, ვიდრე რუსეთს საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული აქვს.

"პატრიოტთა ალიანსი" რუსეთის დუმის დეპუტატებთან შეხვედრის დეტალებზე მომავალი კვირის დასაწყისში ისაუბრებს. ალიანსი მოლაპარაკების სტენოგრამის გასაჯაროებასაც აპირებს.

დღის ამბები