17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
ე.წ. შავი სიის მიხედვით დაკავებული ადამიანები - "ლანცეტის" დამფუძნებელი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

კლინიკა "ლანცეტის" დამფუძნებელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. ფარმან ჯეირანლი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, საქართველოს პროკურატურას აზერბაიჯანის ხელისუფლების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაში ადანაშაულებს.

შპს "ლანცეტის" დამფუძნებელი, რომელსაც პროკურატურა თაღლითობასა და პაციენტების მოტყუებაში ადანაშაულებს, თითქმის ორი თვეა ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. დღეს გამართულ პროცესზე მან განაცხადა, რომ მისი ბრალი პოლიტიკურად მოტივირებულია. ფარმან ჯეირანლი პოლიტიკურ დევნაში აზერბაიჯანის ხელისუფლებას ადანაშაულებს, საქართველოს პროკურატურას კი პრეზიდენტ ალიევის დავალებების შესრულებაში სდებს ბრალს.

ბრალდებულმა დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე საქართველოში აზერბაიჯანელების საიდუმლო ე.წ. შავ სიაზეც ილაპარაკა. სია, რომელზეც ფარმან ჯეირანლი საუბრობს, აზერბაიჯანულ პრესაში 4 მაისს, მის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა. სტატიაში საუბარია, რომ "ლანცეტის" დამფუძნებელი აზერბაიჯანის ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელია. ამავე სტატიაში ოპოზიციის მხარდამჭერებად მოხსენიებული არიან თბილისიდან გატაცებული ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, მისი მეუღლე და კიდევ რამდენიმე ადამიანი.

ფარმან ჯეირანლი და მისი ადვოკატები ამბობენ, რომ სიის გამოქვეყნებიდან მალევე მასში მოხვედრილი ადამიანები სხვადასხვა მიზეზით დააკავეს. აზერბაიჯანულ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიას იცნობს აფგან მუხთარლის მეუღლეც.

საქმის პროკურორი გიორგი ოსაძე "ლანცეტის" დამფუძნებლის საქმეში პოლიტიკურ ინტერესს გამორიცხავს.

 

დღის ამბები