17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
"შემიძლია ახლა გიმღეროთ და ვერ შემაწყვეტინებთ"- დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანის, ოთარ აბესაძის საქმე დღეს საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ დედაქალაქის მერიაში სხვა კორუფციული სქემებიც არსებობს, თუმცა ამით უსაფრთხოების სამსახური არ ინტერესდება, რაც შერჩევით სამართალზე მიუთითებს.

„უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა ის ადამიანი, რომელიც საკრებულოში, ამ დარბაზში არაერთ შეხვედრაზე იყო ოცნების რუპორი. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მერიაში კორუფციული სქემების მიმართულებით უსაფრთხოების სამსახური არის შერჩევითი... ნუ მაწყვეტინებთ ქალბატონო თათა, განათლების კომისიის თავმჯდომარე ხართ და მინიმუმ, კულტურა მოგეთხოვებათ, ქალბატონო ია, რეგლამენტს ჩახედეთ, შემიძლია ახლა გიმღეროთ და ვერ შემაწყვეტინებთ და იცით?“- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.

საკრებულოს "ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ დღეს შერჩევითი სამართალი აღარ არსებობს.

„ჩვენ არ ვიცით რა მოხდა და თუ მოხდა, თქვენგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანაში უკვე აღარ არსებობს შერჩევითი სამართალი, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩვენი გუნდის თუ სხვისი გუნდის წევრი, დაისჯება. ქალბატონო ხათუნა, რაიკომში მუშაობა ჯობდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნას. გაიხსენე საიდან მოხვედი“,- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ. 

საკრებულოს მოძრაობა „თავისუფლებისთვის - თბილისის“ თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ დღეს პრობლემაა ზოგადად თბილისის მერიაში არსებული სიტუაცია.

საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე კი ამბობს, რომ თბილისის მერიაში არაერთი კორუფციული ფაქტი ფიქსირდება.

განცხადება საკრებულოს წევრმა, დავით ურთმელიძემაც გააკეთა.

„ადამიანი იყო ჩვეულებრივი მერიის თანამშრომელი, მოხდა სამწუხარო ფაქტი, დაფიქსირდა, აღძრულია საქმე, მიმდინარეობს ძიება, რა პრობლემაა“,- განაცხადა საკრებულოს წევრმა, დავით ურთმელიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები